ChatGPT ახალი სათამაშო დიდებისთვის, თუ სერიოზული ინტელექტუალური ინვესტიცია?

ChatGPT ახალი სათამაშო დიდებისთვის, თუ სერიოზული ინტელექტუალური ინვესტიცია?

90-იანი წლების შუა პერიოდი იყო. ვაჟას დასაწყისში არქივის შენობასთან, იმ ეპოქისთვის ყველაზე რესპექტაბელური მანქანა „მერსედეს 500“ ე.წ. „პიატსოტი“ გაჩერდა. მანქანიდან, ასევე იმ ეპოქისთვის მოდური, გრძელ მდოგვისფერ პალტოში გამოწყობილი ბიძა კაცი გადმოვიდა, ცალი ხელი ყურზე ჰქონდა მიდებული და ლაპარაკობდა, თან თავს აქეთ-იქით აქნვდა.

იმ პერიოდში, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ლურჯ „ბუშლატაში“ და „კირზის ბათინკებში“ გამოწყობილმა გულში გავიფიქრე – ასეთი წარმოსადეგი და მდიდარი კაცი იმდენად დაანევროზა ცხოვრებამ, რომ საკუთარ თავს გამწარებით ელაპარაკება მეთქი. ვინც არ იცის „ბუშლატი“ და „კირზის ბათინკები“ საბჭოთა ეპოქის შავი მუშების სამუშაო ტანსაცმელი იყო, რომელიც 90-იანი წლების გაჭირვებულ საქართველოშიც, ზოგიერთ სოციალურ ფენაშიც პოპულარობით სარგებლობდა.

ეს გავიფიქრე ადამიანმა, რომელიც გაიზარდა იმ პერიოდში, როდესაც სახლის გრძელშნურიანი ტელეფონი ბედნიერება იყო, ვინაიდან 2-ოთახიან ბინაში ასეთ ტელეფონს აბაზანაში გაიტანდი და შეგეძლო მყუდროდ გესაუბრა შეყვარებულთან საათობით ტელეფონით, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში უფრო შხრიალებდა, ვიდრე რაიმე აღქმადი ბგერები ისმოდა.

მოგვიანებით მივხვდი/გავიგე, რომ ის მერსედესიანი კაცი დანევროზეული კი არ ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, არამედ მობილური ტექნოლოგიის გამოყენებით ვიღაცას ესაუბრებოდა (მაშინ ფიჭურ ტელეფონებს ეძახდნენ). იმ მობილურით, რომელიც დღეს არათუ ვინმეს უკვირს, არამედ მის გარეშე ცხოვრებაც კი წარმოუდგენელია.

ტექნოლოგიების, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა ცხოვრებაში. დღეს რაიმე სიახლე აღარავის უკვირს და დავაკვირდი, რომ ზოგადად გაკვირვება – როგორც ემოციური ფსიქო-ფაქტორი თითქმის აღარ არსებობს.

ციფრულმა პროგრესმა ბევრს გაუჩინა, უფრო სწორედ ბევრს გაგვიჩინა იმის განცდა, რომ თვალსაწიერ მომავალში დადგება ისეთი დრო, როდესაც რობოტები განახორციელებენ ყველა სამუშაოს, ხოლო ჩვენ ადამიანები წამოვწვებით დივანზე და მივეცემით განცხრომას და სიამოვნებას. ფილმში „არ იდარდო“ რომაა სერგო ზაქარიაძის ფრაზა  „Будем философствовать, Петь, пить, веселиться…“.

მაგრამ ამ “Будем философствовать, Петь, пить, веселиться…“-ს შემდეგ დილით „პახმელიაზე“, ჩვენს ნაცვლად დაწერს, დახატავს ან ფულს იშოვის ChatGPT, ხოლო ნასუფრალის ალაგება ისევ ძველი ტექნოლოგიით – ხელებით, ცოცხით და აქანდაზით ჩვენვე მოგვიწევს. ვინც „პახმელიაზე“ ყოფილა იმან იცის რომ, ამ მდგომარეობამ გაზიზინებული დეპრესიაც იცის და ამ დეპრესიის ფონზე განვითარდება შიშები იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი დაგვღუპავს, წაგვართმევს ინტელექტუალურ საქმიანობის სფეროს და შავი სამუშაოს გაკათება ისევ ჩვენ ჰომო საპიენსებს მოგვიწევს.

პრინციპში, გასული საუკუნის 50-იან წლებში ხელოვნური ინტელექტის ჩასახვა, სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ასეთ მოწყობილობებს საკუთარ თავზე აეღოთ ყველა შავი სამუშაო დ ადამიანებს მხოლოდ ინტელექტუალურ სფეროში ემოღვაწათ. თუმცა როგორც ჩანს, არც მთლად ესე მარტივადაა საქმე. ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო იპყრობს აზროვნების ინტელექტუალურ სფეროს და ჩვენ ადამიანებს გვიტოვებს მეორეხარისხოვანი არაინტელექტუალური საქმიანობის არეალს.

ChatGPT – არის კომპანია OpenAI მიერ შექმნილი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი, რომელიც მუშაობს დიალოგურ რეჟიმში და მარტივად, რომ ვთქვა აქვს თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, ადამიანის მოთხოვნის შესაბამისად: წერს ტექსტებს, ლექსებს, მოთხრობებს, სვამს სამედიცინო დიაგნოზს, იძლევა სამკურნალო დანიშნულებას, იძლევა იურიდიულ კონსულტაციას, ადგენს ბიზნეს-გეგმებს, გამოყავს ურთულესი მათემატიკური ამოცანები, ხატავს და ბევრი სხვა.

„i think AI is going to be the greatest force for economic empowerment and a lot of people getting rich we have ever seen „

***********

„ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი გახდება უდიდესი ძალა ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენ დავინახავთ, რომ ბევრი ადამიანი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გახდება მდიდარი.“

ამგვარად შეიძლება ითარგმნოს  კომპანია OpenAI ხელმძღვანელის სამ ალტმანის (Sam Altman) ფრაზა. სხვათა შორის ეს თარგმანიც ChatGPT-ის მეშვეობით არის გაკეთებული.

ბევრ ადამიანში რა იგულისხმა ChatGPT-მა არ ვიცი, არ დაუკონკრეტებია. ალბათ ხელოვნური ინტელექტის შემმუშავებელი კომპანიების აქციების მფლობელები იგულისხმა, რომელთა კოტირებები დღითიდღე მზარდია, ან იმ კომპანიების აქციების მფლობელები იგულისხმა, რომლებსაც ზემოთაღნიშნული კომპანიების სტაფთან პიცა და ჩურჩხელები დააქვთ.

თუმცა ერთი რამ საგულისხმოა. ალტმანს არ უთქვამს ყველა გამდიდრდებაო, ალტმანმა თქვა – ბევრი ადამიანი გამდიდრდებაო. და მე, როგორც უბრალო მოკვდავი, რომელსაც ყოველთვის სჯერა ჭკვიანი ადამიანების – ეჭვი მაქვს, რომ გამდიდრდებიან ისინი ვინც დროზე აუღებენ ალღოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს.

წლების წინ, როდესაც საუბარი ჩამოვარდებოდა ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის მეთოდიკაში სავაჭრო რობოტების/ექსპერტების გამოყენებაზე, წარბს ავპრეხდი ზემოთ და ვამბობდი „ჰა ჰაა… როგორ შეიძლება ადმიანი შეცვალოს რობოტმა მეთქი…“, დღეს არათუ ვხვდები, არამედ ვაჭრობისას უშუალოდ ვხედავ, თუ როგორ შემოვარდებიან ხოლმე ეს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები საფინანსო ბაზრებზე და როგორ ხვრეპენ სავაჭრო პოზიციებს.

ასე რომ, იმ 90-იან წლებში, როდესაც ბუშლატში ჩაცმული დამცინავი ღიმილით ვუყურებდი რესპექტაბელურ ბიძას და მეგონა რომ მან დაუბერა და საკუთრ თავს ელაპარაკებოდა, თურმე მობილურზე საუბრობდა. და ის კი არ უბერავდა, არამედ მე ვიყავი ჩამორჩენილი გოიმი, რომელიც “კირზის ბათინკების” და ბუშლატის გარდა სხვა ტექნოლოგიებით არ ინტერესდებოდა. აი ესეთი შეცდომა რომ აღარასოდეს დავუშვა, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ და ვეცდები ყურადღებით დავაკვირდე ტექნოლოგიურ სიახლეებს და თუ საჭიროა შევუსადაგო ისინი ჩემს პროფესიას – ტრეიდინგს, იმიტომ რომ ნეირო სისტემების, ანუ ხელოვნური ინტელექტის არის მო-მა-ვა-ლი, მათ შორის და უპირობოდ – საფინანსო ბაზრებზეც.

ასე რომ საიტს დაემატება ახალი რუბრიკა რომელიც მიეძღვნება ხელოვნურ ინტელექტს და მათი გამოყენების შესაძლებლობას საბირჟო საქმიანობაში.

ასე რომ გაგრძელება იქნება…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით