საიტის შესახებ

საიტის შესახებ

თუ თქვენ ამ გვერდზე შემოხვედით, მაშინ დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ საიტმა დაგაინტერესათ და ცდილობთ გაიგით რა თემას ეძღვნება ეს საიტი.

საიტი ეძღვნება ფინანსურ ბაზრებს, ძირითადად ფორექსს თუმცა ზოგადად საუბარი იქნება სხვა ტიპის საფინანსო ბაზრებზეც. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ყველა მათგანი ერთმანეთთან კავშირშია და შეუძლებელია ჩამოყალიბდე ფორექსის პროფესიონალად, თუ არ იცი რას წარმოადგენს ფიუჩერსი ან ოფციონი.

ფორექსის შესახებ საიტის გაკეთების სურვილი დიდი ხანია მქონდა, მით უმეტეს, რომ ეს საქმეც ძალიან კარგად ვიცი. დომეინი GeoForex.info უკვე ორი წელია არსებობს და პერმანენტულად მქონდა საიტის თემატური მასალით შევსების მცდელობები, თუმცა სხვადასხვა მიზეზების, ალბათ უფრო მოუცლელობის გამო, ვერა და ვერ ვახერხებდი ამას. თუმცა ამჯერედ, საიტი გახდება თემატური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული, საინტერესო და მუდმივად განახლებადი.

საიტის გაკეთების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ რაც გავიგე – თუ რა არის ფორექსი. ვერ ვნახე ვერც ერთი, მეტ-ნაკლებად ნორმალური, ქართული ინტერნეტ – რესურსი, რომელიც საშუალებას იძლევა , რომ მსურველმა ნულიდან დაიწყოს ფორექსის შესწავლა. შესაძლებელია ვცდები, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ასეთი ვებ-საიტი, ვინც მიმითითებს მადლობელი დაგრჩებით.

ფორექსის თემატიკის ქართული ინტერნეტ რესურსების უმრავლესობა, რომლებიც ალბათ ერთ ათეულსაც კი არ ითვლის, არასრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი და არ ახლდება, ხოლო დანარჩენი ეკუთვნის იმ კომპანიებს, რომლებსაც ფორექსის შესწავლის რეკლამირებას ახორციელებენ და ფორექსის შესწავლითვის აჰყავთ ფასიანი ჯგუფები.

ფასიანი სწავლების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მეც ავიყვანო სავალუტო ბაზრის შესწავლის კურსი ან ჩემი ექსკლუზიური სწავლების, ან ვაჭრობის მეთოდიკის ფასიანი ვიდეო კურსი შევქმნა, მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ მინდა შევქმნა ჩვეულებრივი, ფორექსის თემატიკის ვებ-საიტი, რომლის მომხმარებელსაც, ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე შეეძლება დამოუკიდებლად შეისწავლოს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის ტექნოლოგია.

ცოტა რამ ჩემ შესახებ:

ფორექსით დავინტერესდი 2009 წელს, 2011 წლიდან რეალურად ვვაჭრობ. მეგონა ყველაფერი ვისწავლე, სანახავი და წასაკითხი აღარაფერი დამრჩა, შევიცანი ფორექსის არსი, დავხარბდი წარმატებებს, მეგონა რომ ყოველთვის ესე იქნებოდა, შევწყვიტე თვითგანვითარება, რომელიც თურმე, წესით მუდმივ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, სიღრმისეულად აღარ ვაანალიზებდი ჩემს მოქმედებებს და არც მიღებულ რეზულტატებს, ვვაჭრობდი დეპოზიტთან მიმართებაში არათანაზომადი მოცულობებით და ისე დავმარცხდი და წავიმტვრიე ცხირი, რომ სავაჭრო ტერმინალს თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ გავკარებივარ.

შემდეგ გადავლახე ფსიქოლოგიური ბარიერი, თავიდან გავაანალიზე საკუთარი შეცდომები, შევიმუშავე ჩემი მეთოდიკა და 2011 წლიდან დღემდე სტაბილურად ვმუშაობ ტრეიდინგში.

ფეისბუკის ჩემ გვერდზე რამდენიმე პიროვნება, ხვდება რა ჩემს ძირითად ინტერესს პირველ რიგში მეკითხება რა რაოდენობის შემოსავალს ვიღებ ფორექსზე ვაჭრობისაგან. ჩემი აზრით ეს ჯანმრთელი, თუმცა ცოტა უხერხული შეკითხვაა, ამიტომ ვინც ამ საკითხით ინტერესდება მინდა მეც ჯანმრთელად და მოზომილად გავცე პასუხი – გადასახადებს ვიხდი.

რაც შეეხება საიტზე ნავიგაციას:

პროფესიონალმა ტრეიდერებმა, ამ საიტზე შემოსვლისას იციან როგორ მოიქცნენ. გადაავლებენ თვალს სტატიებს და როცა დარწმუნდებიან, რომ საიტის ავტორი ტრეიდინგში პროფანი არ არის, ალბათ გამოიწერენ საიტის ახალ სტატიებს RSS ტექნოლოგიის მეშვეობით ან E-mail-ზე, რათა სტატიებში ნახონ სხვა ტრეიდერის ბაზრის მისეული ხედვა და რაიმე ახალი პოზიტიური მარცვალი მოინიშნინ თავისთვის. პროფესიონალი ტრეიდერი, თვითგანვითარების კუთხით ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება, იგი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს, რათა არ დაკარგოს ფორმა და არ დააბლაგვოს შეძენილი უნარ-ჩვევები.

დამწყებ ტრეიდერებს კი ვურჩევ სწავლა დაიწყონ 3 ძირითადი, პირობითი სახელწოდების რუბრიკით შესაბამისი რიგითობის დაცვით: “ფორექსის შესწავლის I ეტაპი” , “ფორექსის შესწავლის II ეტაპი” და “ფორექსის შესწავლის III ეტაპი“.

რუბრიკის “ფორექსის ინსტიტუტი” -ზე გადასვლის შემდეგ შეეპარეთ სტატიებს სხვა რუბრიკებიდანაც. ისინი საშუალებას მოგცემენ გააღმავოთ მიღებული ცოდნა და შესძინოთ მას სხვადასხვა დამატებითი ნიუანსები. შესაძლებელია მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთი სტატიები დუბლირებენ ერთმანეთს, მაგრამ მერწმუნეთ შესაძლო დუბლირებასთან ერთად, ისინი როგორც მინიმუმ უფრო გაამყარებენ თქვენ ცოდნას ამა თუ იმ საკითხზე ან, წარმოგიდგენენ საკითხის შესახებ სხვაგვარ ხედვას, რაც ასევე გაამდიდრებს მიღებულ ცოდნას.

პარალელურ რეჟიმში აუცილებლად გაეცანით ფორექსის ლექსიკონს, ტერმინოლოგიას და ტექნიკურ ინსტრუმენტებს – ინდიკატორებს.

თავდაპირველად სწავლას, დღის განმავლობაში დაუთმეთ 3-4 საათი. ნუ იჩქარებთ. სავალუტო ბაზარი, და შესაბამისად მასზე მუშაობის შედეგად მისაღები შემოსავალი არსად გაგექცევათ. სავალუტო ბაზარი იყო, არის და იქნება, მანამ სანამ ფულის ორი სხვადასხვა ერთეული მაინც იარსებებს. მთავარია ბაზარზე შეხვიდეთ თეორიულად და პრაქტიკულად მომზადებული, რათა თავიდანვე ცხვირი არ წაიმტვრიოთ და წარუმატებლობის სიმწარე არ იწვნიოთ. თუმცა, გპირდებით, რომ ამის განცდა მაინც მოგიწევთ. მთავარია ისეთი მწარე არ აღმოჩნდეს ნეგატივი, რომ საერთოდ ხელი აგაღებინოთ ამ ძალიან კარგ და საინტერესო ბიზნესის სახეობისგან.

ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ველოსიპედი უკვე დიდი ხანია მოგონილია და მას წარმატებით იყენებენ. ვინაიდან მე არც უორენ ბაფეტი (მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინვესტორი) და არც ალექსანდრე ელდერი (მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტრეიდერ თეორეტიკოსი, ტრეიდინგის ექსპერტი) ვარ, ამიტომ არც მე ვეცადე ველოსიპედის გამოგონებას. საიტზე წარმოდგენილი მასალა, საფინანსო ბაზრების შესახებ უცხოურენოვან ინტერნეტსივრცეში და ლიტერატურაში გაბნეული სტატიების ნაკრებია. რომელიც ჩემს მიერ არის ნათარგმნი და დალაგებული სწავლების პროცესის ექსკლუზიურად ჩემეული ხედვის შესაბამისად. თუმცა ბევრ მათგანში საფინანსო ბაზრის ჩემი ხედვაც არის ჩაქსოვილი. წარმოდგენილი მასალების მეშვეობით თავად ვისწავლე ტრეიდინგი და თითოეულმა მათგანმა ჩემში გაიარა. თითოეული მათგანის სისწორეში თავად დავრწმუნდი პრაქტიკიდან გამომდინარე.

იგივე შემიძლია ვთქვა სავაჭრო სტრატეგიების შესახებ. ყველა მათგანზე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად მივაჭრია მინიმუმ ტესტირების მიზნით და მინიმუმ ცენტურ ანგარიშზე მაინც.

სტატიების ბოლოში არის კომენტირების სისტემა. ნებისმიერი, თქვენთვის გაურკვეველი საკითხის შესახებ მომწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გაგცემთ პასუხს.

წრფელად გისურვებთ წარმატებებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით