ფორექსის სტრატეგიები

ფორექსის სტრატეგიები

როგორც ცხოვრებიდან ვხედავთ, თუ გვსურს რაიმე დადებითი რეზულტატის მიღება, ყველაფერი უნდა განვითარდეს გეგმაზომიერად და დინამიურად, სპონტანურობასაც მოაქვს დადებითი შედეგები, თუმცა დინამიურ გრძელვადიან დადებით, სტაბილურ რეზულტატიურობას ვერ მივაღწევთ სპონტანურობით.

ასევეა საფინანსო ბაზრებიც. საჭიროა შესაბამისი გეგმის და ალგორითმის შექმნა, ან შექმნილის გამოყენება, ან შექმნილის გამდიდრება საკუთარი ცოდნა-გამოცდილებით, იმისათვის რომ სტაბილური შემოსავალი მივიღოთ დროის საანგარიშო ინტერვალში (დღე, კვირა და ა.შ.).

ბევრჯერ გამიგია/წამიკითხავს ზოგიერთების დასკვნები სტრატეგიების არა საჭიროობის შესახებ, მათ შორის ამ საიტის კომენტარებში და საიტის ფეისბუკის კომენტარებშიც: “…ფასი გვეუბნება ყველაფერს და ყველა ინდიკატორი და სტრატეგია ზედმეტია…” “…ზედმტია ეს ხაზვები, ინდიკატორები, გრაფიკებზე დაკვირვებები…” და ა.შ.

რა თქმა უნდა ფასი გვეუბნება რაღაცას, თანაც მნიშვნელოვანს, მაგრამ ბაზარზე შესვლის და გამოსვლის წერტილებს გვეუბნება სტრატეგიების ალგორითმი ფასთან კომბინაციაში. ამ თემას ამ სტატიაში არ განვავრცობ. უბრალოდ ერთს ვიტყვი. როდესაც ვინმე მენტორულად და როყიოდ ჭკუას დაგვარიგებს საფინანსო ბაზრების ავკარგიანობის შესახებ – აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, თვითონ რისი მაქნისია. სიტყვაზე ვამბობ: თუ ადამიანი პაპიროს “პრიმა”-ს ეწევა და ისნის ფაბრიკის გამოშვებული ფეხსაცმელი აცვია, პირადად მე მისგან რჩევას ფორექსის შესახებ, ნაღდად ვერ მივიღებ. იგივეს გირჩევთ თქვენც. არავის ვამცირებ, უბრალოდ ყველას თავისი საკუთარი გზა აქვს და საქმეში, რომლის “გარტყმაში” არ არის ცხვირი არ უნდა ჩაყოს. თუ ჩაყობს, მაშინ ჯერ საქმის მცოდნეებს უნდა მოუსმინოს და როცა საკმარის გამოცდილებას და ცოდნას აკრიფავს, და ამ ბიზნესით “პრიმიდან” “კენტზე” მაინც გადავა, აი ამის შემდეგ შეუძლია დარიგებების დარიგება – ეს ისე ბელეტრისტიკისთვის.

საფინანსო ბაზრებზე სტაბილური და დინამიური შედეგების მიღწევისათვის არის შემუშავებული უამრავი ფორექსის სტრატეგია. ყველა სტრატეგიას ახასიათებს თავისი დადებითი და არყოფითი მხარეები. უნაკლო სტრატეგია არ არსებობს, და რაც არ უნდა დიდი რეკლამა გაუწიონ ამა თუ იმ სტრატეგიას, ე.წ. “წმინდა გრაალის თასი” (ფორექსის ჟარგონზე), ანუ წაუგებელი სტრატეგია არ არსებობს. მთავარია ზუსტად შევასრულოთ სტრატეგიის ყველა პირობა და მისი წაგება/მოგების თანაფარდობა იყოს დადებითი ბალანსით.

სტრატეგიები მეთოდოლოგიის მიხედვით პირობითად იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად, რომლებიც არაა დოგმა. ამ საიტზე სტრატეგიები დაყოფილია ისეთ კატეგორიებად, რომელთა დიფერენციაცია მე მესმის და მისაღებია ჩემთვის, თუმცა ასეთ დაყოფას იზიარებს (ანუ მეც მათსას ვიზიარებ) ინტერნეტ სივრცეში არსებული თემატური საიტების გარკვეული ნაწილი:

  • მარტივი სტრატეგიები: თვითონ სათაური მიუთითებს იმაზე, რომ ამ ტიპის სტრატეგიებში არ არის გამოყენებული ინდიკატორებისა და ფასის ურთიერთქმედების რთული ალგორითმები. ეს სტრატეგიები მარტივია გასაგებად და ვიზუალურადაც არ არის რთული აღსაქმელი. გაგიგიათ ალბათ, გამოთქმა არსებობს …”ყველაფერი მარტივი გენიალურიაო”. შესაძლებელია, თუმცა მგონი ფორექსში მთლად ასე არაა. მიუხედავად ამისა, როგორც პრაქტიკიდან (მათ შორის ჩემი პრაქტიკიდანაც) ჩანს მარტივ სტრატეგიებს ფორექსში სტაბილური მოგება მოაქვს, მათთვის ვინც ჭკუით გამოიყენებს ამ სტრატეგიებს;
  • ინდიკატორული სტრატეგიები: ემყარება ერთი ან რამდენიმე ინდიკატორისა და ფასის ურთიერთქმედების ალგორითმს. ტრეიდერების დიდი რაოდენობა ვაჭრობს ამგვარი სტრატეგიებით. მათი ძირითადი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ინდიკატორთა ჯგუფის გამოყენებით შესაძლებელია სავაჭრო სიგნალების კარგი ფილტრაცია. და როგორც ყველა სტრატეგია, ამ ტიპის სტრატეგიების ჭკუით გამოყენებას კარგი და სტაბილური შედეგები მოაქვს ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისას;
  • იშიმოკუს ინდიკატორის სტრატეგიები: ემყარება მხოლოდ ერთი – იშიმოკუს ინდიკატორისა და ფასის ურთიერთქმედების ალგორითმს. ინდიკატორი შექმნილია იაპონელი ფინანსისტის მიერ და მასში ჩაქსოვილია რთული ფილოსოფია, რის ახსნასაც აქ არ დავიწყებ, ვინაიდან ტრეიდერს ასი წელი არ დაჭირდება ეს ფილოსოფია. მთავარია ვიცოდეთ ინდიკატორის ქცევის ძირითადი წესები ფორექსის ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სიტუაციაში, რაც სავსებით საკმარისია მომგებიანი ვაჭრობისათვის;
  • მარტინგეილის მეთოდის სტრატეგიები: ემყარება იმ პრინციპს, რომ ფორექსის ბაზარზე ფასი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მოძრაობს. ამიტომ მარტინგეილის მეთოდის მიხედვით შესაძლებელია ვაჭრობა ერთდროულად ან ცალ-ცალკე ორივე მიმართულებით, რაიმე ინდიკატორული ან სხვა ალგორითმის გამოუყენებლად, მთავარია დავეყრდნოთ რამოდენიმე წესს. მარტინგეილის სტრატეგიები ერთგვარად გავს კაზინოში ან ტოტალიზატორში ფსონების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის მეთოდს. როცა იქნება და… მოგება მაინც დაჯდება, მთავარია გაყვე ფსონის ზრდას და ამისთვის გეყოს ფინანსური რესურსი. ამგვარი სტრატეგიები როგორც წესი გამორიცხავს სტოპ-ლოსს. მთავარია ლოტების გონივრულად განაწილება და საკმარისი ფინანსური რესურსის არსებობა;
  • სკალპინგური სტრატეგიები: ემყარება იმ პრინციპს, რომ ფორექსის ბაზრიდან უნდა ავიღოთ მაქსიმალურად მეტი მოგება მინიმალური დროის განმავლობაში. ამ სტრატეგიის ვაჭრობისას, დროის გარკვეულ მონაკვეთში 1 და 2 პუნქტის აღებაც კი უკვე კარგ შედეგად ითვლება. ვაჭრობა ძირითადად დაბალ – 1 წუთიანი, 5 წუთიან, 15 წუთიან, 30 წუთიან და იშვიათად 1 საათიან თაიმ-ფრეიმებზე მიმდინარეობს. სკალპინგით მოვაჭრეს მყარი ნერვები უნდა ჰქონდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიოს არჩეული სტრატეგიის წესებს. რაც შეეხება მოგებას, ეს სტრატეგიები ძირითადში მომგებიანია. ვთქვათ მიზნად დავისახეთ დღეში სულ რაღაც 10 პუნქტის აღება. სტანდარტული ლოტით eur/usd (ევრო/დოლარი) 1 ლოტის ღირებულება 10 დოლარია, მაშასადამე 10 პუნქტი 100 დოლარია. დღეში 100 დოლარი, დამეთანხმეთ საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ… არსებობს ბევრი მაგრამ, რომლებსაც თუ არ გავითვალისწინებთ დღეში 100 დოლარს კი არ მოვიგებთ არამედ წავაგებთ;
  • ბოლინჯერის ველების სტრატეგიები: ემყარება ერთი – ბოლინჯერის ინდიკატორის და ფასის ურთიერთქმედების ალგორითმს. თვითონ ინდიკატორის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ტრენდის დროს ასევე ფლეტისას მას გრაფიკზე კარგად და თვალნათლივ გამოყავს ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ამიტომ სავაჭრო სიგნალებიც საკმაოდ რეალურია;
  • მცოცავი საშუალოს ინდიკატორის სტრატეგიები: ფუძნება ბირჟის უძველესი (თუ პირველის არა..) ინდიკატორის მცოცავი საშუალოს (Moving Average) ინდიკატორის და ფასის ურთიერთქმედების ალგორითმს. ეს ინდიკატორი და მისი პარამეტრული, თუ ტექნოლოგიური მოდიფიკაციები საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია. ამიტომ წარმატებული ტრეიდერების უმრავლესობა იყენებს ამ ინდიკატორზე აგებულ სტრატეგიებს;
  • ჰეჯირების სტრატეგიები: არის სავჭრო პოზიციების რისკების დაზღვევის სისტემა. თუ როგორ ხდება ამგვარი დაზღვევები გაეცანით ამ რუბრიკის სტრატეგიებში. ცალკე ან სხვა სტრატეგიებთან კომპლექსში ჰეჯირების სტრატეგიები (სისტემები) მძლავრი ინსტრუმენტია ტრეიდერისათვის;
  • ფიბონაჩის ინდიკატორის სტრატეგიები: ეფუძნება ძირითადად ერთადერთი ინდიკატორის ფიბონჩის და ფასის ურთიერთქმედების ალგორითმს. ფიბონაჩის ინდიკატორი, მე თუ მკითხავთ უფრო ინსტრუმენტია ვიდრე ინდიკატორი, არის ყველაზე მძლავრი და რეალური ინსტრუმენტი, რომლის გონივრულად გამოყენებას უმრავლეს შემთხვევაში წარმატება მოაქვს. ინდიკატორი ემყარება შუასაუკუნეების ევროპელი მათემატიკოსის ლეონარდო პისანოს (რომელიც უფრო ცნობილია ფსევდონიმით – ფიბონაჩი) რიცხვების თეორიას, რომელიც სამყაროს აღქმის ერთგვარი სისტემაა. ნამდვილად არ მოვყვები იმ ფილოსოფიას რაც ამ თეორიაშია ჩაქსოვილი, ვინაიდან ტრეიდერს ეს ფილოსოფია ასი წელი არ დაჭირდება იმისათვის, რომ წარმატებულად ივაჭროს. მთავარია ვიცოდეთ ფიბონაჩის ინდიკატორის სწორი აგება და ის ქცევის წესები, რომელიც ფასს გააჩნია ფიბონაჩის ინდიკატორის კრიტიკულ ნიშნულებთან მიახლოვებისას;
  • იაპონური სანთლების სტრატეგიები: არცერთ ინდიკატორს არ შეუძლია ასახოს ბაზარზე ვითარება ისე რეალურად, როგორც ამას თვით ფასი აკეთებს. სწორედ ფასი განსაზღვრავს ბაზრის შემდგომ ტენდენციებს. ფასის ერთ-ერთი გრაფიკული გამოსახულება ტერმინალში, როგორც ვიცით არის იაპონური სანთლები. სწორედ მათი სხვადასხვაგვარი გამოსახულების, ან ორი, ან რამდენიმე სანთლის ურთიერთქმედების (ურთიერთმდებარეობის) ალგორითმს ეფუძნება იაპონური სანთლების სტრატეგიები. ისინი საკმაოდ წარმატებული სტრატეგიებია და ჩემი აზრით წარმატებული ტრეიდერი უნდა ფლობდეს იაპონური სანთლების გამოსახულებებისა და ურთიერთქმედების ძირითად წესებს;
  • გრაფიკული მოდელების და პატერნების სტრატეგიები: ფორექსზე ვაჭრობისას სავაჭრო ტერმინალში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში შესაძლებელია ვიზუალურად შევამჩნიოთ სხვადასხვა გამოსახულება და მივამსგავსოთ ამა თუ იმ საგანს ან ცოცხალ არსებას, სწორედ ასეთ გამოსახულებებს ფორექსზე უწოდებენ პატერნებს და გრაფიკულ მოდელებს. მათი გამოჩენა გრაფიკზე უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად მიუთითებს ტრენდის გაგრძელების, ან უკუსვლის ტენდენციაზე. არსებობს მრავალი სახის პატერნი და გრაფიკული მოდელი. წარმატებული ვაჭრობისთვის საჭიროა ვიცოდეთ მათგან ძირითადი მაინც. ასეთი სტრატეგიების გადამწყვეტი უმრავლესობა სტაბილური და მომგებიანია;
  • დროის ინტერვალების გარღვევის სტრატეგიები: ეფუძნება ამა თუ იმ სავაჭრო სესიაზე, ან დროის ინტერვალზე ვოლატილობის ზრდის ან კლების თვისებას. სავაჭრო სესიების დროების კვეთაზე, დაწყებაზე ან დასრულებაზე, აგრეთვე გარკვეული დროის ინტერვალის დასრულების შემდეგ ხშირად ხდება გასული სესიის, ან დროის ინტერვალის ფასური მაქსიმუმის ან მინიმუმის გარღვევები, სწორედ ამ ალგორითმზეა აგებული დროის ინტერვალის გარღვევის სტრატეგიები. სტრატეგიებთან მუშაობისას გასათვალისწინებელია ფორექს თაიმინგის ცნება;
  • ფუნდამენტალური სტრატეგიები: ეფუძნება წმინდა ფუნდამენტალურ ფაქტორებს. ისეთი ეკონომიკური ინდიკატორები, როგორებიცაა – საპროცენტო განაკვეთი ცვლილება, Non-Farm payrolls და სხვა მაკროეკონომიკური სტატისტიკა, გავლენას ახდენს ფორექსის ბაზარზე და ტრენდის მოძრაობის მიმართულებაზე. ხშირ შემთხვევაშო დროის გარკვეული პეროდის (3—4 საათი) განმავლობაში, ზოგჯერ კი გრძელვადიანი პერსპექტივით. აქედან გამომინარე ტრეიდერებს ეძლევათ შესაძლებლობა ივაჭრონ ფუნდამენტალურ ფაქტორებზე, ფუნდამენტალური სტრატეგიების გამოყენებით;
  • ოფციონური სტრატეგიები: ოფციონებით ვაჭრობა ფორექსისგან განსხვავებული ცალკე თემაა, თუმცა იგივე აგებულებით და განსხვავებული სავაჭრო წესებით, რომელიც შეიცავს 2 ძირითად კომპონენტს: ფასის მიმართულებას (ზრდა/კლება) და დროის ინტერვალი. სწორედ ამ კომპონენტების ერთად შერწყმის ალგორითმს შეიცავენ ოფციონური სტრატეგიები;
  • საავტორო სტრატეგიები: რუბრიკაში წარმოდგენილია ჩემს მიერ მოძიებიული სტრატეგიები, რომელთა ავტორები ფართო პუბლიკისთვის უცნობია, შესაძლებელია ეს სტრატეგიები არც კი ეკუთვნით მათ და უბრალოდ დაიბრალეს ავტორობა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ ეს სტრატეგიები თავისი ალგორითმით იქცევს ყურადღებას და ვაჭრობისას კარგი შედეგიც გააჩნიათ;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი?

ტრეიდინგის დაწყებისას, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ფორექსზე ვაჭრობის რომელი სტილის არჩევაა უფრო უკეთესი – მოკლევადიანი თუ …