DXY - აშშ დოლარის ინდექსი

DXY – აშშ დოლარის ინდექსი

საფინანსო ბაზრებზე ხშირად გვესმის ინდექსების შესახებ. ინდექსი საშუალებას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია გარკვეულ ინდუსტრიაში, ქვეყანაში, ან ქვეყვების ჯგუფის  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

საფონდო ბაზრისათვის არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ინდექსები, მაგალითად: დოუ ჯონსის DJIA ინდექსი,  NASDAQ კომპოზიტური ინდექსი, Russel 2000, S&P 500, Wilshire 5000, ММВБ, РТС და ა.შ.

აშშ დოლარის ინდექსი აღინიშნება სიმბოლოებით DXY ან USDX. იგი ფართოდ გამოიყენება ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე როგორც პრაქტიკული (სავაჭრო), ასევე თეორიული (საპროგნოზო) თვალსაზრისით.

აშშ დოლარის ინდექსი არის ამ ვალუტის ძალის მაჩვენებელი. ინდექსს აკვირდებიან საფინანსო ბაზრების ანალიტიკოსები და ტრეიდერები. ინდექსი შეიცავს უცხოური ვალუტების კალათას, რომელთა ფასი შედარებულია აშშ დოლარის ფასთან.

აშშ დოლარის ინდექსი გვიჩვენებს, თუ როგორ ღირებულებით  დამოკიდებულებაშია იგი სხვა მსოფლიო ვალუტებთან: ევროსთან, იაპონურ იენასთან, ბრიტანულ ფუნტთან, კანადურ დოლართან, შვედურ კრონასთნ და შვეიცარიულ ფრანკთან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, DXY – არის აშშ დოლარის ძალისა და სისუსტის გამოვლენის მეთოდი. აღსანიშნავია, რომ ინდექსი უშუალოდ არ გამოხატავს აშშ დოლარის ფასს ინდიკატორის გამოთვლის ზემოთაღნიშნულ კალათაში არსებულ მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში.

DXY – აშშ დოლარის ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგია

აშშ დოლარის ინდექსი არის ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების შეწონილი გეომეტრიული ინდექსი.

DXY - აშშ დოლარის ინდექსი

ინდექსის სტრუქტურა მკვეთრად გადახრილია ევროსა და იმ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი ევროზონაში.

ინდექსის შეწონილი კომპონენტებია:

  • ევრო (57,5%);
  • იაპონური იენა (13,6%);
  • ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (11,9%);
  • კანადური დოლარი (9,1%);
  • შვედური კრონა (4,2%);
  • შვეიცარიული ფრანკი (3,6%);

ამგვარი შემადგენლობის გამო მას „ანტიევროპულ“ ინდექსსაც უწოდებენ ხოლმე.

შეამჩნევდით ალბათ, რომ ინდექსის კალათაში არ არის ასახული ისეთი მძლავრი და მზარდი ეკონომიკების ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა, ინდონეზია, რუსეთი, ავსტრალია. თუმცა ეს სხვა სტატიის და მსჯელობის თემატიკაა. ალბათ როდისმე ამ ქვეყნებიდან რამდენიმე გაერთიანდება აშშ დოლარის ინდექსის გამოთვლის კალათაში.

ქვეყნებს, რომლებიც შედიან ინდექსის გამოთვლის კალათაში სხვადასხვა ეკონომიკური სიძლიერე გააჩნიათ, ამიტომ ყოველ მათგანს ინდექსში გააჩნია საკუთარი წილი და მთლიანად ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

DXY = 50.14348112 × EUR/USD^(-0.576) × USD/JPY^(0.136) × GBP/USD^(-0.119) × USD/CAD^(0.091) × USD/SEK^(0.042) × USD/CHF^(0.036)

ფორმულაში პირველ კოეფიცენტს ინდექსის მნიშვენობა აჰყავს 100-მდე, ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ინდექსის გამოთვლა დაიწყო 1973 წლის მარტის თვეში, მაშინ, როცა ძირითადი ვალუტები  ერთმანეთის მიმართ თავისუფლად კონვერტირებადი გახდნენ.

DXY – აშშ დოლარის ინდექსის ნაკლოვანებები

იმის გამო, რომ აშშ დოლარის ინდექსი გადახრილია ევროპული ვალუტებისკენ, მასში მნიშვნელოვნად დაწეულია კანადური დოლარის წილი, რომელიც აშშ-სთვის ითვლება უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პარტნიორად. გარდა ამისა, ინდექსში საერთოდ იგნორირებულია აზიისა და წყნარი ოკეანიის რეგიონი,  ლათინური ამერიკა და ახლო აღმოსავლეთი.

მსოფლიო ეკონომიკა და ფინანსები უკვე აღარაა ისეთი, როგორიც იყო 1973 წელს და ეს ჯერ კიდევ რატომღაც არ არის გათვალისწინებული ამ ინდექსში. თუმცა როგორც ჩანს 2022 წლის მოვლენებიდან – მსოფლიო ეკონომიკური, ფინანსური, დემოგრაფიული და გეოპოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება და იმედია ეს ინდექსიც შეიცვლება. ხვალ და ზეგ თუ არა ალბათ 5-10 წელიწდში ამის მომსწრენი გავხდებით.

მიუხედავად ამისა, ამჟამად აშშ დოლარის ინდექსი საკმაოდ კარგად მუშაობს და წარმოადგენს სანდო ინდიკატორს იმისათვის, რომ ზოგადი ტენდენციის სურათი შექმნას აშშ დოლარის შესახებ.

DXY – აშშ დოლარის ინდექსის ისტორია

აშშ დოლარის ინდექსი შეიქმნა კომპანიის JP Morgan მიერ 1973 წელს და ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ განახლდა, როდესაც ევროპაში შეიქმნა ერთიანი ევროპული ვალუტა – ევრო.

USDX საბაზო მნიშვნელობად მიღებული იქნა 100,00-იანი დონე. მაგალითად, 107,50 დონე ნიშნავს, რომ დოლარის ფასი საბაზო მნიშვნელობასთან მიმართებაში გაიზარდა 7,5 პროცენტით.

1973 წლს მარტი აღებული იქნა საბაზო პერიოდად, ვინაიდან ამ თარიღიდან მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნებმა საკუთარი ვალუტებისათვის მიიღეს მცურავი ვალუტის კურსი. შეთანხმება მიღებული იქნა ვაშინგტონში სმიტსონის კონფერენციაზე. ამ კონფერენციამ გააუქმა მანამდე 25 წლის წინანდელი ვალუტების ფიქსირებული განაკვეთების წარუმატებელი პოლიტიკა, რომელიც მიღებული იქნა ბრეტონ-ვუდსში.

ამას რატომ ვწერ:  ჩვენმა მედია „ანალიტიკოსებმა“ ხშირად ამოჩემებმა იციან ხოლმე. თანამედროვე ფინანსური სისტემის დადებითის, ან შეთქმულების თეორიის ჟანრის მიხედვით – უარყოფითი თვისებების დახასიათებისთვის ამოჩემებული აქვთ ბრეტონ-ვუდი და ბრეტონ-ვუდი… ეტყობა ეს სახელწოდება უფრო სნობურად ჟღერს. მაგრამ ამჟამინდელ მსოფლიო საფინანსო სისტემასთან ბრეტონ-ვუდს კავშირი არ აქვს. დღევანდელი საფინანსო სისტემა ეფუძნება სმიტსონის კონფერენციის შეთანხმებას. ეს ისე…. ცნობისთვის.

აშშ დოლარის სავაჭრო-შეწონილი ინდექსი

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, აშშ დოლარის ინდექსი, ამ ვალუტის შეფასებისთვის ზუსტი ინდიკატორი არ არის. მიუხედავად ამისა მას დიდ ყურადღებას აქცევენ ტრეიდერები, იმიტომ, რომ აშშ დოლარის შეფასებისთვის პრინციპში აბსოლუტური სიზუსტე არც არის საჭირო.

ტრეიდერების და ფინანსური კომპანიების უმრავლესობას გააჩნიათ საკუთარი ინდიკატორები, რომლებითაც აფასებენ აშშ დოლარის სიძლიერეს ან სიზუსტეს. თუმცა საერთო შეფასებისთვის მაინც ზოგადი ინდექსის გამოყენება უფრო კომფორტულია.

აშშ დოლარის ინდექსი დროის უმეტეს პერიოდში მჭიდროდ კორელაციაში იმყოფება სავაჭრო-შეწონილ ინდექსთან (TWDI — Trade-Weighted Dollar Index), რომელსაც იყენებს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა.

იგი შექმნილია იმისათვის, რომ უფრო ზუსტად შეფასდეს აშშ დოლარის ფასი სხვა ნაციონალურ ვალუტებთან მიმართებაში. ინდექსში გათვალისწინებულია ამერიკული პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობა.  იგი გამოხატავს უდიდეს ფულად ნაკადებს.

მაგალითად, ინდექსის ზრდა 10%-ით უტოლდება მსოფლიო სიმდიდრის ღირებულების ნომინალურ ვარდნას 1 ტრილიონ დოლარზე მეტით. ასეთი მასშტაბის მოძრაობა არ ხდება განყენებულად/ვაკუუმში, არამედ ეს მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა. შესაბამისად აშშ დოლარის ინდექსის სისუსტე შესაბამისად გამოხატავს  სავაჭრო- შეწონილი ინდექსის სისუსტეს.

ინდექსი 1998 წელს შეიქმნა და მოიცავს გაცილებით მეტ ვალუტებს. ინფორმაცია მის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აშშ ფედრეზრვის საიტზე.

აღსანიშნავია, რომ TWDI და DXY გრაფიკები ერთი შეხედვით  ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. როგორც ავღნიშნე ძირითდი განსხვავება დოლარის ამ ორ ინდექსს შორის არის თითოეულის კალათა, რომლებშიც განსხავებული რაოდენობის ვალუტები შედან.  ფედერალური სისტემის ინდექსში წარმოდგენილია უფრო მეტი ქვეყანა, რომლებიც სულაც არ წარმოადგენენ სამრეწველო და ფინანსურ ლიდერებს, პირიქით მრავლადაა წარმოდგენილი განვითრებადი ქვეყნებიც.

ასე, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის ინდექსი TWDI – უფრო გლობალურად ასახავს აშშ დოლარის ძალას სხვა მსოფლიო ვალუტებთან შედარებით. ამასთან ერთად, ვალუტების წილი ეფუძნება სვაჭრო ბალანსის მონაცემებს, რომელიც ახლდება ყოველწლიურად.

„დოლარის ღიმილის თეორია“

DXY - აშშ დოლარის ინდექსი

აშშ დოალრი – საკმაოდ საინტერესო და არაერთგვაროვანი ვალუტაა. მისი გამყარება შესაძლებელია, როგორც ცუდ ასევე კარგ ეკონომიკურ პირობებში.

არსებობს „დოლარის ღიმილის თეორია“, რომელიც შექმნა ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ფინანსური კონგლომერატის Morgan Stanley-ს წამყვანმა ანალიტიკოსმა სტივენ ჯენმა.

თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აშშ დოლარი მიუხედავად მთელი თავისი მრავალფეროვნებისა ყოველთვის ემორჩილება მხოლოდ სამ სცენარს.

  • დოლარი ღირებულია ინვესტორების მხრიდან რისკების მიუღებლობის გამო;
  • დოლარი ღირებულია ეკონომიკის ზრდის გამო;
  • დოლარი უფასურდება სუსტი ეკონომიკის გამო;

პირველი სცენარი – “ღიმილის” მარჯვენა ნაწილი გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ინვესტორები აშშ დოლარის სახით ეძებენ კაპიტალისთვის მყუდრო თავშესაფარს. ვინაიდან გლობალური ეკონომიკა დამუხრუჭების რეჟიმშია, ინვესტორები არ აბანდებენ კაპიტალს სარისკო აქტივებში და ინვესტიციებს ახორციელებენ ნაკლებად რისკიან აქტივში, რომელსაც აშშ დოლარი წარმოადგენს, მაშინაც კი, როდესაც თავად აშშ ეკონომიკა არ გამოირჩევა წარმატებული ფონით.

მეორე სცენარი – „ღიმილის“ ქვედა ნაწილი, როდესაც აშშ დოლარი მკვეთრად ეცემა და ფასი აახლებს მინიმალურ მნიშვნელობებს. ეს ნიშნავს, რომ აშშ ეკონომიკა სუსტია და შესაბამისად სუსტია აშშ დოლარიც. ამ სცენარის დროს რიგ შემთხვევებში მცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც ასევე იწვევს აშშ დოლარის გაუფასურებას. რეზულტატად – ბაზარი თავისუფლდება აშშ დოლარისგან და „ღიმილი“-ც ფართოვდება.

აღნიშნული 2 სცენარი იწვევს მესამე სცენარის აღმოცენებას, რომლის დროსაც აშშ ეკონომიკის ზრდის გამო აშშ დოლარი კვლავ ღირებულია. ოპტიმისტური განწყობა იმატებს და ტრეიდერები კვლავ იწყებენ აშშ დოლარის ყიდვას, იზრდება აშშ მთლიანი შიდა პროდუქტი და მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის ზრდაც.

ეს თეორია ნათლად გამოხატავს, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ სხვა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ციკლურ ბუნებას.

DXY – გამოყენების სპეციფიკა

ძნელი სათქმელია JP Morgan-მა რატომ შექმნა აშშ დოლარის ინდექსი და რატომ გახდა იგი ესეთი პოპულარული. ამასთან ერთად უცნაურია, რომ ამ ინდექსით ვაჭრობა შეუძლებელია. არ არსებობს საფინანსო ბაზარი სადაც DXY ივაჭრება. მხოლოდ ორი ინსტრუმენტი, რომლებიც ითვალისწინებენ DXY  მოძრაობას არიან ფიუჩერსები და ოფციონები, რომლებიც ივაჭრება ბირჟაზე – InterContinental Exchange.

აშშ დოლარის ინდექსის გრაფიკის ვებ-ვერსიის მოძიება რთული არ არის და ამასთან ერთად, იგი თითქმის ყველა სახის სავაჭრო ტერმინალშია წარმოდგენილი. ინდექსი აღინიშნება სიმბოლოებით: DXY , ან USDX. გრაფიკი განახლებადია 5/24 რეჟიმში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სავალუტო წყვილისა და ინდექსისთვის, ორშაბათიდან პარასკევის ჩთვლით.

ინდექსი გამოიყენება ფორექსზე სავალუტო წყვილების ანალიზის პროცესში, ასევე საფონდო ბაზრის ანალიზის დროსაც, ვინაიდან საფონდო ბაზრების ინვესტორები საბაზო კონტრაქტების სახით გამოიყენებენ საფონდო ინდექსებს, რათა განსაზღვრონ ბაზრის საერთო ტრენდის ტენდენცია.

თუ ტრეიდერი ვაჭრობს იმ სავალუტო წყვილებით, სადაც კოტირებაში წარმოდგენილია USD, მაშინ აშშ დოლარის ინდექსი წარმოდგენას მოგვცემს აშშ დოლარის შედარებითი ძალის შესახებ კოტირებაში არსებული სხვა ვალუტების მიმართ, მაგალითად EURUSD, GBPUSD, USDCHF და ა.შ.

და, კონკრეტულად ამა, თუ იმ სავალუტო წყვილზე არსებული სიტუაციის გაურკვევლობის შემთხვევაში აშშ დოლარის ინდექსი შეგვიქმნის უფრო ნათელ სურათს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ USDX გააჩნია კორელაცია ზემოთ აღნიშნულ წყვილებთან, ამიტომ ბაზრის ანალიზისას მისი გამოყენება შეგვიძლია ერთგვარი დამატებითი ინდიკატორის სახით.

ბევრი ტრეიდერი მუდმივად ყურადღებით აკვირდება DXY-სარა მხოლოდ თანხვედრის, არამედ განსხვავების გამოვლენისათვისაც, თუნდაც სავალუტო წყვილთან EURUSD, ვინაიდან ამგვარი განსხვავება შესაძლებელია დივერგენციად ჩავთვალოთ – შესაბამისი მოსალოდნელი რეზულტატებით.

თუ DXY გვიჩვენებს მზარდ ვოლატილობას, მაშინ იგი ასევე გამოხატული იქნება ინდექსში შემავალ სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც. წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეების გარღვევა რომელიმე გრაფიკზე შეესაბამება წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეების გარღვევას სხვა გრაფიკებზეც.

ანალიზის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს კოტირებაში თუ რომელ ადგილზე იმყოფება აშშ დოლარი. იგი შესაძლებელია იყოს, როგორც საბაზო ვალუტა, ასევე კოტირებული ვალუტაც.

თუ, DXY მყარდება ანუ გრაფიკზე იზრდება, მაშასადამე აშშ დოლარიც იზრდება (მყარდება). ამ შემთხვევაში  EURUSD გრაფიკი იქნება ქვემოთ მიმართული. და პირიქით სავალუტო წყვილისთვის USDCHF, აშშ დოლარის ინდექსის ზრდა გამოიწვევს  USDCHF გრაფიკის ზემოთ მიმართულებას.

თუ, აშშ დოლარი არის საბაზო ვალუტა, ანუ კოტირებაში დგას პირველ ადგილზე, მაშინ გრაფიკზე აშშ დოლარის ინდექსის და სავალუტო წყვილის მოძრაობის მიმართულება იქნება თანხვედრილი.

თუ, აშშ დოლარი არის კოტირებული ვალუტა, ანუ სავალუტო წყვილის კოტირებაში დგას მეორე ადგილზე, მაშინ გრაფიკზე აშშ დოლარის ინდექსის და სავალუტო წყვილის მოძრაობის მიმართულება იქნება საპირისპირო.

ხშირ შემთხვევაში აშშ დოლარის ინდექსის მოძრაობა წინ უსწრებს ძირითადი სავალუტო წყვილების მოძრაობას, ანუ ხშირ შემთხვევაში DXY გვაძლევს ერთგვარ წინმსწრებ ინფორმაციას მოძრაობის მიმართულების შესახებ.

ვინაიდან აშშ დოლარის ინდექსი გამოხატავს ვალუტების კალათის ფასს აშშ დოლართან მიმართებაში, ამიტომ ინდექსი ზოგად წარმოდგენას გვიქმნის აშშ დოლარის სიძლიერის, ან სისუსტის შესახებ სხვა ვალუტებთან მიმართებაში. სავალუტო წყვილებზე მოვაჭრე ბევრი ტრეიდერი ანალიზისთვის იყენებს აშშ დოლარის ინდექსს, რათა გამორიცხოს ვაჭრობა არათუ სავალუტო წყვილის ტრენდული მიმართულების საწინააღმდეგოდ, არამედ თავად აშშ დოლარის ინდექსის ტრენდის საწინააღმდეგოდ.

დასკვნა

აშშ დოლარის ინდექსი – არის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს ამერიკული ვალუტის გლობალურ მდგომარეობას მაღალ თაიმ ფრეიმებზე.

იგი გამოიყენება, ან ფუნდამენტალური ანალიზისთვის დამატებით ბერკეტად, ან EURUSD და სხვა სავალუტო წყვილებთან, სადაც კოტირებაში მონაწილეობს USD, დივერგეციის გამოსავლენად  D1 და ზემოთ თაიმ ფრეიმებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ინფლაციის ანალიზის პროცესში, აშშ დოლარის ინდექსი გვიმატებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლადს, რათა განვსაზღვროთ ამერიკული ვალუტის გლობალური პერპექტივა.

ამიტომაც, DXY ინდექსი ხშირი სტუმარია ტრეიდერების და ანალიტიკოსების კომპიუტერების ეკრანზე.

აშშ დოლარის ინდექსზე გავლენას ახდენს ზოგადი ფაქტორები, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენენ ვალუტის კურსებზეც, ესენია: ფისკალური და მონეტარული ფაქტორები, საპროცენტო განაკვეთები, ინფლაცია და საგარეო ვაჭრობა. ამიტომაც, აშშ დოლარის ინდექსი შესაძლებელია მოგვევლინოს გრძელვადიანი სავაჭრო სისტების შექმნის ფუნდამენტად.

სტატია  USDX ინდიკატორის შესახებ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი?

ტრეიდინგის დაწყებისას, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ფორექსზე ვაჭრობის რომელი სტილის არჩევაა უფრო უკეთესი – მოკლევადიანი თუ …