კავშირი კრიპტოვალუტებსა და ემისია-სტერილიზაციას შორის

კავშირი კრიპტოვალუტებსა და ემისია-სტერილიზაციას შორის

ვისაც სჯერა, რომ სტუდენტმა ცუკემბერგმა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შექმნა საიტი, რომელიც გიგანტურ სოციალურ ქსელად გადაიზარდა და აკონტროლებს პლანეტის მოსახლეობის ვნებებსა და ღელვებს. ან ვისაც სჯერა, რომ ბილ გეიტსი ისეთი გენიალურია, რომ შექმნა გიგანტი მაიკროსოფტი. ან ვისაც სჯერა რომ ვიღაც მითიურმა სატოშიმ დამოუკიდებლად შექმნა… უი დედა… ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა და ჰოპლა გახდნენ მილიარდერები.

ანდა ვისაც სჯერა, რომ 500 დოლარით ვიღაცამ შექმნა თიბისი ბანკი ან/და თურქეთიდან დაწნული „სუმკებით“ წამლების თროკიალით შექმნა ავერსები, რევერსები და ა.შ. – გთხოვთ მათ არ წაიკითხოთ ეს ტექსტი, ვინაიდან მაინც ვერ გადაგარწმუნებთ.

რა თქმა უნდა სახელმწიფოს მმართველების ინტერესის სფეროში მოხვედრა, სწორ დროს და სწორ ადგილას ყოფნა უდიდესი ნიჭია და ამასაც მარიფათი და რა თქმა უნდა ბედისწერა სჭირდება.

მაგრამ ნულიდან გიგანტური ბიზნესები არ იქმნება, თუ ამაში არ არსებობს სახელმწიფოს მმართველების ნება და თანხმობა. ისტორიას არ ახსოვს ეგეთი მაგალითები.

თავდაპირველ ეტაპებზე ვითომ ყველა საუბრობს გიგანტი ბიზნესის დამფუძნებლების ნიჭზე, ალღოზე, განათლებაზე, გამჭრიახობაზე, შრომისუნარიანობაზე, იმაზე რომ ამან თუ იმან ბიზნესი დაიწყეს დახეული „ნასკებით“, დაფლეთილი „სუმკებით“თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ „დახეული“ ნასკების პატრონის უკან რომელიმე ბიზნეს გიგანტის მფლობელი ან სახელმწიფო მმართველთა გუნდში მყოფი ბიძა, ბაბუა ან ქალი იდგა, ბილ გეიტსის არ იყოს, ან სპეცსამსახურებთან დაახლოებული სხვა ვინმე პიროვნება და ა.შ.

სკოლის მერხიდან ვიცით, რომ სამყაროში არაფერია დეცენტრალიზებული, ქაოსიც კი ცენტრალურ სისტემას ექვემდებარება. არაფერია დამოუკიდებელი და აბსოლუტურად ყველაფერი და რაც მთავარია ეკონომიკური საქმიანობა გიგანტების დონეზე ექვემდებარება სახელმწიფოს და ასრულებენ მხოლოდ სახელმწიფოს და სახელმწიფო მმართველი ჯგუფების ნებას და ინტერესებს.

ათასგვარი მოსაზრებაა კრიპტო ბუმის შესახებ (2024 წლის თებერვალი-მარტი). აი ეს მოხდა და იმიტომ გაიზარდა კრიპტოს ფასი, აი ამან ეს თქვა და იმიტომ, აი ის ჩაიცუცქა და იმიტომ ღირს კრიპტოს ყიდვა და ათასგვარი ამგვარი სისულელე. კრიპტო სექტანტები ხომ საერთოდ გაგაგიჟებენ თავიანთი კონსპირაციული თეორიებით.

ფულის ემისია, იგივე ფულადი მასის ემისია, გულისხმობს დამატებითი რაოდენობის ფულის ნიშნების ბრუნვაში ჩაშვებას, ანუ ფულადი მასის გაზრდას ნებისმიერი ფორმით.

როდესაც ფულადი მასა მცირდება, ეს იწვევს პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად ეცემა წარმოების დონე და მისი ზრდა ნელდება.

მაგრამ, როდესაც ბრუნვაში არსებული ფულადი ნიშნები არსებული პროდუქციის და მომსახურების რაოდენობას აჭარბებენ – ამ შემთხვევაში იზრდება ინფლაცია.

ზემოთ ხსენებული ორივე პროცესი ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე.

ამ საკითხში ბალანსის დაცვა ადამიანის მოდგმის ისტორიის განმავლობაში ჯერ ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო. ბუნების კანონების მიხედვით მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებს მიწოდებას და როგორც კი მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსი თანაბრდება – ეგრევე კვლავ იზრდება მოთხოვნა.

მაგალითად:

როდესაც არ გყავს ავტომობილი, გაქვს მოთხოვნა მის შეძენაზე. როდესაც მოთხოვნა დაკმაყოფილდება და შეიძენ ავტომობილს, ანუ მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდება, კვლავ გიჩნდება მოთხოვნა ავტომობილი შეუძინო შენს ახლობელს (ცოლი, ქმარი, საყვარელი და ა.შ) ან თუნდაც უკეთესი ავტომობილით ჩაანაცვლო უკვე შეძენილი.

აი ეს ბუნების კანონი და ადამიანის ფსიქო-პორტრეტის ძირითადი ნიშანი – არის ეკონომიკის მამოძრავებელი ერთადერთი უმთავრესი პრინციპი. სხვა არაფერი.

აი ეს პრინციპი უნდა ასტიმულიროს ქვეყნის ხელისუფლებამ ფინანსური ბერკეტების მეშვეობით, რომელთაგანაც ერთ-ერთია – ფულადი მასის ემისია.

მაგრამ, როდესაც ხდება ფულადი მასის ზრდა, ანუ როდესაც ბრუნვაში არსებული ფულის მასა აღემატება იმ ხარჯებს, რომლებიც საჭიროა მიმდინარე ბრუნვის მომსახურებისთვის – ესეც ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე და იწვევს ინფლაციას.

საყოფაცხოვრებო დონეზე რომ ვთქვათ, როგორც ორმოში დაგროვებული ზედმეტი მოცულობის წყალი ვეღარ ეტევა ამ ორმოში, იგი პოულობს ნაპრალს და იქ ხეთქავს ორმოს. იგივენაირად, ბრუნვაში არსებული თავისუფალი ფულის მასა ბუნებრივად პოულობს „ფასურ ნაპრალს“ ხეთქავს მას და ამ მიზეზით იზრდება ფასები პროდუქციაზე და მომსახურებაზე.

მაგალითად:

როდესაც ჩემი უბნის მაღაზიის მფლობელი ნელიკო ხედავს, რომ მთელი უბანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარტივად ყიდულობს კიტრს 3 ლარად, იგი ზედმეტი მოგების მისაღებად ზრდის კიტრის ფასს 4 ლარამდე, შემდეგ 5 ლარამდე. მერე თავად ნელიკოსთვის კიტრის მომწოდებელი გენოც სულელი ხომ არ არის?! ჰოდა იგიც ზრდის კიტრის ფასს და ასე სპირალისებურად იზრდება ინფლაცია.

საბოლოო ჯამში კიტრის ფასი იმ დონემდე მიდის, რომ უბანი ეგრე მარტივად ვეღარ ყიდულობს ნელიკოს კიტრს. ნელიკომ და გენომ ფასიც რომ დაუკლონ კიტრს უბანი ვეღარ იყიდის ასე მასიურად ვინაიდან უბნის ძირითადმა მაცხოვრებლებმა ამოწურეს თავიანთი ფულადი მარაგები ამ ფასური ზრდის სპირალის დევნაში.

შესაბამისად უბნის მაცხოვრებელთა ცხოვრების დონე ეცემა, რაც ნეგატიურად აისახება სახელმწიფო სისტემის მდგრადობაზე.

დედამიწის ისტორიაში ყველა სახის ხალხთა მასების მღელვარების გამომწვევი ერთადერთი მიზეზი იყო ინფლაცია. როდესაც ადამიანს აქვს რაღაც ფულადი სახსრები, მაგრამ ვერ ყიდულობს საჭირო-აუცილებელ პროდუქციას.

პატრიოტიზმი, ოკუპაცია, იბერია გაბრწყინდება და ა.შ. მსგავსი ლოზუნგები არის მხოლოდ შირმა, საფარი იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომლებიც იწვევენ აჯანყებებს, რევოლუციებს, ომებს და სახელმწიფო სისტემების მდგრადობას. მხოლოდ ფულია მიზეზი – რევოლუციების, ბუნტების და ომების. ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს კაცობრიობის ისტორია.

როგორც ვიცით ეკონომიკის გაუარესება და გაჯანსაღება არ არის ერთი და ორი წლის ამბავი. ერთსაც და მეორესაც სჭირდება წლები. თუმცა გაუარესება უფრო მალე ხდება ვიდრე გაჯანსაღება. ანუ ორივე – დროში გაწელილი პროცესებია.

2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს და შემდეგ, უმრავლესი ქვეყნების სახელმწიფო ბანკებმა, იმისათვის რომ არ ჩამოშლილიყო ნაციონალური ეკონომიკები, დაიწყეს აგრესიული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა აგრესიული ემისიების სახით.

კოვიდის პერიოდში 2019 – 2022 წლებში იმდენად აგრესიული ემისიები განხორციელდა, რომ კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ეს პროცესი შეადარეს ვერტმფრენიდან დოლარების ყრას განურჩევლად, რამაც დააჩქარა ინფლაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ ყველაფერი მსოფლიო ვალუტასთან – დოლართანაა ჯერ-ჯერობით მიბმული.

როგორ უნდა ამოიღო ბრუნვიდან ასეთი მასშტაბის ფულადი მასა?

ინფლაციური პროცესების მართვისათვის, ანუ სახელმწიფოს მდგრადობისა და ეკონომიკური სისტემის მართვისათვის აქვს ბერკეტი, რომელიც ითვალისწინებს ჭარბი ფულადი ნიშნების ამოღებას ბრუნვიდან.

ფულის მასის სტერილიზაცია – არის მაკროეკონომიკური ტერმინი, რომელიც გულისხმობს ფულადი მასის ბრუნვიდან ამოღებას სხვადასხვა ცენტრალიზებული საბანკო-საფინანსო ოპერაციების მეშვეობით.

აქედან გთხოვთ ყურადღებით!

სტერილიზაცია ხდება რა თქმა უნდა ცენტრალური ბანკების მიერ:

1) ფასიანი ქაღალდების, ვექსილების და ობლიგაციების გაყიდვის გზით;

2) თავისუფალი ფულადი სახსრების ცენტრალური ბანკების დეპოზიტებზე მოზიდვა-განთავსბით;

თუ შეიძლება შემახსენეთ – რომელია მსოფლიო ცენტრალური ბანკი? უი… ხო, გამახსენდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა.

დაა…. მსოფლიო ვალუტა რომელია? დიახ, მსოფლიო ვალუტა არის ამერიკული დოლარი.

თუ შეიძლება შემახსენეთ – რამდენია ამერიკის შეერთებული შტატების ვალი? 33 ტრილიონი დოლარი. სათქმელადაა ადვილი თორემ წარმოსადგენად მართლა გიგანტური რიცხვია.

აგრეთვე,

თუ შეიძლება შემახსენეთ – რა არის ფასიანი ქაღალდი?

ფასიანი ქაღალდი – არის ფასიანი აქტივის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოხატული ფიზიკური მატარებლის ფორმით, ამ შემთხვევაში ქაღალდით, რომელიც ადასტურებს მფლობელის სხვადასხვაგვარ უფლებას ამ ფასიან აქტივზე.

და რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა – არის ფასიანი აქტივი გამოხატული არა !!! ფიზიკური მატარებლის ფორმით, ამ შემთხვევაში ვირტუალური ფორმით, რომელიც ადასტურებს მფლობელის სხვადასხვაგვარ უფლებას ამ ფასიან აქტივზე.

ვინ დაუშლის მსოფლიო ბანკს, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემას ფულის მასის სტერილიზაცია განახორციელოს კრიპტოვალუტის, როგორც ფასიანი აქტივის გაყიდვით? ვერც ვერავინ.

თანაც ამ პროცესს არავითარი ჩალიჩი არ სჭირდება. არც ლოგისტიკა, არც ზედმეტი კონტროლი. ჰყიდი რაღაც არამატერიალურ, არა ხელშესახებ რაღაცას. ქაღალდს და მელანსაც კი არ ხარჯავ დამადასტურებელი დოკუმენტების დასაბეჭდად.

უბრალოდ, რამდენიმე მილიონს ხარჯავ მედიასა და ლობისტებში, რათა კრიპტო სექტანტები აღტკინდნენ, ახორხოცდნენ და „ვსიო“, მორჩა, – ბირჟები იტენება და იტენება დოლარებით.

და არავინ თქვას, რომ ან Binance ან სხვა რომელიმე კრიპტო ბირჟა მართლაც დეცენტრალიზებული და დამოუკიდებელია მმართველი წრეებისგან. ის ფული რომლითაც იტენება ეს ბირჟები უბრუნდება მსოფლიოს ცენტრალურ ბანკს, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემას.

დღეს რაც ხდება კრიპტო აქტივებთან მიმართებაში – არის ჩვეულებრივი ფულადი მასის ბრუნვიდან ამოღება – ჩვეულებრივი სტერილიზაცია!!!

და, როდის მოისურვებს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემა ამ არაფრით გამყარებული კრიპტო ბალასტის დაფერთხვას – ეგ არავინ იცის. თანაც კიდევ ერთი ხიბლი კრიპტოვალუტისა არის ისიც, რომ საკმაოდ კარგი საშუალებაა ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ვაჭრობისათვის, რა თქმა არა ჩვენნაირი მოქვდავების, არამედ ამ საქმის გიგანტების მხრიდან.

ამიტომ ნურც კორექციას და ნურც აღმავალ ტრენდს ნუ ველით რაღაც გრაფიკების ხაზვითა და კონსპირაციული თეორიების თვალყურის დევნით.

ჩვენ, ვინც არ ვართ კრიპტო ლოხების სექტაში, რა თქმა უნდა, უნდა ვიშოვოთ ფული მშვიდად და დაკვირვებით, ყოველგვარი ემოციების გარეშე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის დეფოლტი

რა არის დეფოლტი (მარტივად)

დეფოლტი (ვალდებულებების არშესრულება) – არის სასესხო ხელშეკრულების არ შესრულება, ანუ სესხის პროცენტის, ან თავად ძირითადი …