რატომ ძვირდება ოქრო

რატომ ძვირდება ოქრო

როგორც ვიცით, ოქრო იყო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი სასაქონლო რესურსი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. იგი იყო ნებისმიერი ვალუტის რეალური შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი. რაც უფრო მეტი ოქრო ჰქონდა ამა თუ იმ სახელმწიფოს რეზერვად, მით უფრო მყარი იყო მისი ეროვნული ვალუტა.
ეს ხდებოდა მანამდე, სანამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ვალუტის შეფასება „ჩახსნა“ ოქროს ექვივალენტისგან.

1971 წელს, მორიგი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გაატარა ეკონომიკური რეფორმების სერია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს ცალმხრივი უარი დოლარის ოქროს სტანდარტთან დაკავშირებაზე. ამან გამოიწვია ბრეტონ-ვუდსის სისტემის ფაქტობრივი გაჩერება.

ვინაიდან ბევრს ეშლება ბრეტონ-ვუდსის სისტემის არსი, განსაკუთრებით შეთქმულების თეორიების მიმდევრებს, ამიტომ ქვემოთ მოკლედ განვმარტავ მის სწორ არსს:

ბრეტონ-ვუდსის სისტემა არის/იყო სავალუტო პროცესების ორგანიზების საერთაშორისო სისტემა, რომელშიც ყველა მსოფლიო ვალუტის გაცვლითი კურსი დაფიქსირდა აშშ დოლართან მიმართებაში, ხოლო თავად დოლარი გაუსწორდა ოქროს ექვივალენტს.

1973 წლისთვის ბრეტონ-ვუდსის სისტემა დე ფაქტო შეიცვალა მცურავი გაცვლითი კურსით. სწორედ გლობალური მონეტარული სისტემის ცვლილება გახდა ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც წარსულში ასევე თანამედროვეობაშიც.

შეუძლებელია დოლარის ბეჭდვა განუსაზღვრელი რაოდენობით მთელ მსოფლიოში ინფლაციის გამოწვევის გარეშე. მსოფლიო ეკონომიკა ერთიანი, მთლიანი ჭურჭლის მსგავსია – არ შეიძლება მასში უსასრულოდ ვასხათ წყალი, ისე რომ წყალი ამ ჭურჭლიდან არ გადმოვიდეს.

შეიძლება ბევრი ვისაუბროთ „ოქროს სტანდარტიდან“ ეროვნული ვალუტების მცურავ კურსზე გადასვლის წინ მომხდარი მოვლენების სერიაზე. შეთქმულების თეორეტიკოსები შესაძლოა ამ თემის უკან მსოფლიო ომებს, მასონებს, იმპერიალისტებს და სხვაგვარ …ისტებს ხედავენ. მაგრამ ჩემი და უამრავი სხვა ჩემზე უფრო ჭკვიანი ხალხის აზრით ეს სისტემა, ანუ ოქროს სტანდარტისგან ვალუტების „ჩახსნა“ იმ ეპოქისთვის პროგრესული და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის და ეკონომიკის ზრდისთვის იმ ეპოქაში ერთადერთი სწორი და გარდაუვალი ნაბიჯი იყო.

ისტორია გვასწავლის, რომ არაფერი გრძელდება სამუდამოდ და თუ ვინმე საბანს დიდხანს თავისკენ ექაჩება, საბოლოოდ ფეხები უცივდება. თუ ლოგინში ეს სწრაფად ხდება, ეკონომიკაში ასეთი პროცესები არ ხდება სწრაფად, ზოგიერთ შემთხვევაში მსგავს პროცესებს ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით წლებიც კი სჭირდება.
ბოლოდროინდელი მოვლენების სერია, განსაკუთრებით ის, რაც ერთ პოლარულმა მსოფლიო წესრიგმა თავისი დრო და პოტენციალი ამოწურა. მგონი ამას ყველა ხედავს ქართული მედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარდა

ისტორიულად, სწორედ ოქრო იყო ის აქტივი, რომლითაც ყველაფერი ფასდებოდა. ამიტომ, შეფასების ამ სისტემაზე დაბრუნება ლოგიკური ჩანს ერთ პოლარულმა მსოფლიო წესრიგიდან მრავალ პოლარული მსოფლიო წესრიგზე გადასვლის გარდამავალ და გაურკვევლობის პერიოდში.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არც ერთი პრივილეგირებული, ამ შემთხვევაში ე.წ. ევრო-ატლანტუკური ცივილიზაცია, არ არის მზად უბრალოდ და უბრძოლველად დათმოს 50 წლის წინ მოპოვებული ფინანსურ-ეკონომიკური გამარჯვება, თუნდაც ამ ბრძოლაში ანგარიში არ იყოს მის სასარგებლოდაც კი და პრივილეგიები და გამარჯვება დაუთმოს გლობალურ სამხრეთს ან გლობალურ აღმოსავლეთს.

გეოპოლიტიკური მოვლენების სერიამ, რომლებმაც თვალი აგვიხილა ბევრ რამეზე, მიგვითითებენ მსოფლიოში გარდაუვალი ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ.

მაშასადამე, რატომ იზრდება ოქროს ფასი:

  • BRICS ვალუტის პოტენციური შექმნის პერსპექტივა, რომელიც აუცილებლად იქნება ოქროთი უზრუნველყოფილი, ვინაიდან ასეთი გამყარების გარეშე ვერცერთი ფიატური ვალუტა დოლარს კონკურენციას ვერ გაუწევს. ამაზე მეტყველებს BRICS-ში გაერთიანებული და გაერთიანების მსურველი სახელწმიფოების მიერ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს შესყიდვების მოცულობების გამალებული ზრდა.
  • დოლარისადმი ნდობის კლება, ე.წ. დედოლარიზაცია. პროცესი ნათელია, თუმცა არა სწრაფი და შეიძლება მას დიდი დრო დასჭირდეს.
  • SWIFT ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადარიცხვების სისტემა არ იყო შექმნილი ისეთი ალგორითმით, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა საერთაშორისო სანქციების შესაძლებლობა და ალტერნატიული სისტემების შექმნა, როგორიცაა მაგალითად ჩინური სისტემა (CIPS). ეს პროცესი ასევე ძირს უთხრის დოლარის სისტემისადმი ნდობას.
  • ოქრო შეიძლება გახდეს ამ პლატფორმებს შორის ფინანსური ურთიერთგაცვლის საშუალება, რადგან ერთ მხარესაც (ევროატლანტიკური სივრცე) და მეორე მხარესაც (გლობალური სამხრეთი და გლობალური აღმოსავლეთი) სახელმწიფოები ფლობენ დიდი რაოდენობით ძვირფას ლითონს და დებენ მასზე დიდ ფსონებს.
  • დასავლეთში, უკვე ტრადიციულად ქცეული ეკონომიკური ზრდის არ არსებობა, არა გონივრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, თითიდან გამოწოვილი ეფემერული ფასეულობა-ღირებულებების უთავბოლო დაფინანსებამ, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ სანედლეულო საქონლის დიდი მარაგები, პროპორციულად განვითარების საშუალება მისცა.
  • ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს აქტიური შესყიდვები აუცილებლად იწვევს მისი ღირებულების ზრდას, რადგან დოლარის მსგავსად ან კრიპტოვალუტის მსგავსად მისი უბრალოდ დაბეჭდვა, ან მაინინგი შეუძლებელია.

ამ სიას შეიძლება დაემატოს ინფლაციისგან დაცვის საკითხები და საინვესტიციო ინსტრუმენტი, მაგრამ სინამდვილეში ოქრო არ არის ასეთი ინსტრუმენტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინვესტიცია ხორციელდება ძალიან გრძელვადიან პერიოდში.

თუმცა, მომავალი ტრანსფორმირებული ფინანსური სისტემის საფუძველი სავსებით შესაძლებელია კვლავ გახდეს.

ეეჰჰ… იქნებ გამიმართლოს და დავინახო ამ პროცესების დასასრული წერტილი ჩემს სიცოცხლეშივე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის დეფოლტი

რა არის დეფოლტი (მარტივად)

დეფოლტი (ვალდებულებების არშესრულება) – არის სასესხო ხელშეკრულების არ შესრულება, ანუ სესხის პროცენტის, ან თავად ძირითადი …