III ეტაპი:: ყველა ჩვენთაგანი ცოტათი არქიმედეა

III ეტაპი: ყველა ჩვენგანი ცოტათი არქიმედეა

ალბათ ყველას გვახსოვს მითი ძველი ბერძენი მეცნიერის არქიმედეს წამოყვირების შესახებ. როდესაც მან ჰიდროსტატიკური კანონი აღმოაჩინა წამოიყვირა სიტყვა „ევრიკა“ (ქართულად: აღმოვაჩინე/ვიპოვე). მას შემდეგ ძნელად გადასაწყვეტი ამოცანის ამოხნის შემდეგ ხშირად ხმარობენ ამ წამოძახილს.

ტრეიდერად ჩამოყალიბების მეორე ეტაპის დასასრულს ვაცნობიერებთ, რომ თურმე მხოლოდ სისტემაში არ ყოფილა საქმე. მოგების მისაღებად შეგვიძლია თუნდაც ერთი მარტივი მცოცავი საშუალო გამოვიყენოთ, და სხვა არაფერი, თუ ჩვენ შევძლებთ ემოციების მოთოკვას და რისკების გონივრულად მართვას.

ამიტომ ვიწყებთ ტრეიდინგის ემოციურ შემადგენელში ჩაღრმავებას, ანუ ტრეიდინგის ფსიქოლოგიაში ჩაწვდომას, ტრეიდინგის ფსიქოლოგიის შესახებ სტატიებისა და წიგნების წაკითხვას. ამ წიგნებსა და სტატიებში მოყვანილ პერსონაჟებს ვადარებთ ჩვენს თავს, ტექსტებში გამოხატულ ემოციებს ვუსადაგებთ ჩვენს საკუთარ ემოციებს და უეცრად დგება მომენტი: „ევრიკა!“

ამ მომენტში მოულოდნელად აცნობიერებ, რომ ვერც შენ და პლანეტა დედამიწაზე ვერც ვერავინ ვერ შეძლებს იმის წინასწარმეტყველებას თუ რა მოხდება ბაზარზე მომდევნო 10 წამის და თუნდაც 20 წუთის შემდეგ.

ამ „ღვთიური ხილვის“ შემდეგ აღარ აქცევ ყურადღებას იმას თუ ვინ რას ფიქრობს, შენ ხდები ინდივიდუალისტი საკუთარი სავაჭრო მეთოდით.

ვმუშაობთ მხოლოდ იმ სისტემით, რომელიც სრულად ესადაგება ჩვენი ვაჭრობის სტილს. ნელ-ნელა ბედნიერების შეგრძნებაც მოდის, უკვე განვსაზღვრეთ საკუთარი რისკის ზვარი.

ვხსნით მხოლოდ იმ პოზიციებს, რომლებსაც ჩვენი აზრით, წარმატებით დასრულებისა და მაქსიმალური მომგებიანობის დიდი ალბათობა გააჩნიათ. თუ ბაზარი არ მიდის ჩვენი მიმართულებით, კი არ ვბრაზობთ და კი არ ვნერვიულობთ, და კი არ ვლეწავთ კომპიუტერის ეკრანს, რაც უნდა გამოვტყდე და პირადად მე ერთხელ გავაკეთე კიდეც 🙂 , არამედ მშვიდად ვხურავთ ან ვკეტავთ პოზიციას, ვინაიდან ვიცით რომ დაკეტილი პოზიციიდანაც, როცა იქნება მშვიდად გამოვალთ ან, რომ თუ  პოზიციას ზარალით დავხურავთ, მეორე, მესამე ან შემდეგ პოზიციას წარმატების დიდი შანსი ექნება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სავაჭრო სისტემა მუშაობს და დინამიურად ვაჭრობისას მოგება ყოველთვის გადაფარავს ზარალს.

ჩვენ აღარ ვუყურებთ ყოველი გარიგების შედეგს, რეზულტატს ვაფასებთ მხოლოდ მთლიანი კვირის, ან თვის შედეგებით. იმიტომ რომ გვესმის – ერთი და ორი ან თუნდაც მეტი წარუმატებელი შედეგი დინამიური ვაჭრობის პროცესის დროს არაფერს ნიშნავს.

ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, რომ ვაჭრობა დამოკიდებულია შეხედულებების მუდმივობაზე და დისციპლინაზე, რათა მაქსიმალურად გამოვწუროთ ყველა გარიგება სისტემიდან, ვინაიდან უკვე ვიცით, რომ წარმატების ალბათობის უფრო მეტი მაჩვენებელი ჩვენ მხარეს არის.

ოდნავი გადახვევა:

პირველი ბიზნესი დავიწყე არეულ და ურთულეს 90-იან წლებში ძალიან ახალგაზრდამ. პარტნიორი იყო კომუნისტურ რეჟიმში გამობრძმედილი  ე.წ. “ცეხავიკი”. იმ ეპოქაში ბიზნესმენებს ცეხავიკებს უწოდებდნენ.  როდესაც რაიმე ოპერაციას განვახორციელებდით, მე მსურდა მაქსიმალური ინვესტიციით მაქსიმალური მოგება და რაც შეიძლება სწრაფად. პარტნიორ “ცეხავიკს” კი გამოთქმა ჰქონდა ასეთი: “იწვეთოს.. იწვეთოსო…” , ანუ ბარაქა არა სწრაფად და ერთიანად მოვიდეს, არამედ დინამიურად ხანგრძლივი პერიოდით გაიწელოს მატერიალური სიკეთის შემოდინებაო.

“ცეხავიკი” არასოდეს რისკავდა დიდი ფულით. არასოდეს არ ვაკეთებდით სავაჭრო ოპერაციას, მანამ სანამ თითოეული დეტალი არ გვეცოდინებოდა – საქონლის მტვირთავების “პახმელიაზე” ყოფნით დაწყებული ტვირთის გამცილებელი გაურკვეველი წარმომავლობის ტიპების სიდედრების დაბადების დღეებით დამთავრებული.

“ცეხავიკი” პარტნიორი ტვინს მიბურღავდა თითოეულ ნიუანსზე. თანაც, ინვესტირებული თანხა სამჯერ ნაკლები მაინც უნდა ყოფილიყო ჩვენს ფულად რეზერვებზე, რასაც “Подушка безопасности”-ს (უსაფრთხოების ბალიში) უწოდებდა.

ამ ფრაზის “იწვეთოს… იწვეთოს…” გამო ხშირად წავკბენდი ხოლმე და ნერვები მეშლებოდა მის სიფრთხილეზე და სკურპულოზურობაზე. თუმცა ამ “იწვეთოს…”, ბიზნეს გარიგების დეტალიზაციის საჭიროების და “Подушка безопасности”-ის ფასს მაშინ მივხვდი, როდესაც დამოუკიდებელი სავაჭრო ოპერაციის დროს მწარედ წავიმტვრიე ცხვირი.

წლების შემდეგ მივხვდი რომ ზუსტად ეგრეა ტრეიდინგშიც. როდესაც უსაფრთხოების ბალიში გაქვს უფრო მარტივადაა შესაძლებელი რთულ სიტუაციებში ლავირება და მანიპულაციები.

ტრეიდერად ჩამოყალიბების ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ზედმიწევნით შევისწავლეთ კაპიტალის მართვა და მასზე კონტროლის მექანიზმები, აგრეთვე რისკების მართვის სისტემა. აი ეხლა კი ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ფაქტორი და უკვე გვეღიმება ამ კონტექსტის წარსულის შეცდომებზე და გვეუხერხულება იმ რესურსებთან, ან იმ ტრეიდერებთან, რომლებიც ერთი წლის, ან წლინახევრის წინ ამას გვირჩევდნენ, ჩვენ კი მათ რჩევებს იგნორირებას ვუწევდით. თურმე ისინი მართლები ყოფილან.

მივხვდით, რომ არასოდეს არ უნდა ვივაჭროთ დიდი მოცულობებით და შესაბამისად დიდი რისკებით. ჯობია “იწვეთოს…” თანაც მუდმივად და შეუწყვეტლად იწვეთოს. ეგრე უფრო მუდმივად სავსე იქნება ავზი, ვიდრე ერთიანად მოვარდეს და შემდეგ შეწყდეს.

მომენტი „ევრიკა“ დგება მაშინ, როდესაც სრულყოფილად გავაცნობიერებთ, რომ ბაზრის პროგნოზირება შესაძლებელია, ხოლო წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი. პროგნოზირება პროფესიონალიზმია, ხოლო განჭვრეტა ნათელმხილველების საქმეა. ასე რომ, უკვე გადავდივართ ტრეიდერად ჩამოყალიბების შემდეგ ეტაპზე, რომელსაც სხვა სტატიაში წავიკითხავთ…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით