ოფციონი და მისი საკვანძო მახასიათებლები

ოფციონი და მისი საკვანძო მახასიათებლები

ფიუჩერსების შესწავლის პროცესში, განვიხილეთ სწრაფი ბაზარი და ფიუჩერსული კონტრაქტები, რომელიც წარმოადგენს ამავე ბაზრის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.

ფიუჩერსი არის საბაზო აქტივის ყიდვა/გაყიდვის სწრაფი საბირჟო კონტრაქტი, რომლის დადების შემთხვევაში ორივე მხარე (მყიდველიც და გამყიდველიც) თანხმდებიან საბაზო აქტივის მიწოდების თარიღზე და ფასის დონეზე. მხარეები ბირჟის წინაშე კისრულობენ აღნიშნულ საოპერაციო ვალდებულებას, სანამ კონტრაქტი არ შესრულდება.

ოფციონსა და ფიუჩერსს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება – ორივე არის, აქტივის წინასწარ განსაზღვრული ფასით, მომავალში ყიდვა/გაყიდვის კონტრაქტი, სადაც განსაზღვრულია გარიგების თარიღი (ფაქტიური, საქონლის ყიდვა/გაყიდვა). მაგრამ ოფციონს გააჩნია უამრავი განმასხვავებელი ნიშანიც. მათ შორის უმთავრესია ის რომ – ოფციონი არ არის გარიგება, რომელიც მხარეებს ავალდებულებს საქონლის ყიდვას ან გაყიდვას. ოფციონის ყიდვისას, მხარე იღებს მხოლოდ იმის უფლებას, რომ ეს გარიგება განახორციელოს მომავალში, მაშინ როცა გამყიდველი იღებს ვალდებულებას შეასრულოს იგი.

განვიხილოთ მაგალითი:

ვთქვათ, ვაწარმოებთ მზესუმზირის ზეთს და გადავწყვიტეთ ვიყიდოთ ოფციონი მზესუმზირაზე მაისში, რათა შემოდგომაზე ვიყიდოთ ეს ნედლეული წინასწარ დათქმულ ფასად (1 ტონა = 5 200 ლარი). თავიდანვე უნდა გვახსოვდეს, რომ ოფციონი ფიუჩერსისგან განსხვავებით არ არის უფასო. ანუ ჩვენი უფლება ვიყიდოთ მზესუმზირა მომავალში – ღირს გარკვეული თანხა. ხოლო მზესუმზირის გამყიდველი თავის თავზე იღებს ვალდებულებას მოგვყიდოს მზესუმზირა 5 200 ლარად, მიუხედავად იმისა თუ რა ეღირება მზესუმზირა შემოდგომაზე სპოტურ ბაზარზე. ე.ი. წარმოვიდგინოთ, რომ ვიყიდეთ ოფციონი 500 ლარად, იგივე – 500 ლარის ნომინალის ფასიანი ქაღალდი (პრინციპში ოფციონი არის არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდი) და ველოდებით შემოდგომის დადგომას.

განვიხილოთ სიტუაციის განვითარების ვარიანტები:

პირველი ვარიანტის მიხედვით – ჩვენ შეგვიძლია ვიზარალოთ, მაგალითად თუ მზესუმზირის კარგი მოსავალი იყო და შესაბამისად შემოდგომაზე მიწოდების ზრდის გამო ნედლეულზე ფასი დაეცა და იგი 4 400 ლარი ღირს (1 ტონა). მაისში ნაყიდი ოფციონი გვაძლევს უფლებას ვიყიდოთ ეს მზესუმზირა, მაგრამ არ გვავალდებულებს ამის გაკეთებას. მაშასადამე, თუ ნორმალურად ვაზროვნებთ, მაშინ აღარ ვიყიდით მზესუმზირას 5 200 ლარად და სპოტურ ბაზარზე შევიძენთ იქ ფორმირებული ფასით (1 ტონა = 4 400 ლარი). ჩვენი დანაკარგი იქნება 500 ლარი, რომელიც ჩვენ გადავუხადეთ გამყიდველს ოფციონის შეძენისათვის. აქვე ავღნიშნავ, რომ ოფციონის ფასი და ფიუჩერსის საგარანტიო უზრუნველყოფა ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა. ოფციონის ფასი არის გამყიდველის მოგება და აღარ უბრუნდება მყიდველს.

პირველი ვარიანტის მიხედვით – მზესუმზირის მოუსავლიანობის გამო წარმოიშვება მისი დეფიციტი შემოდგომაზე, გაიზრდება მოთხოვნა და შემცირდება მიწოდება, რაც შესაბამისად გამოიწვევს მისი ფასის ზრდას, მაგალითად 1 ტონის ფასი გახდება 7 100 ლარი. სწორედ ამაში მდგომარეობს ოფციონის ხიბლი. დადებული კონტრაქტის მიხედვით, შემოდგომაზე, ყოველ ტონა მზესუმზირაზე დავზოგავთ (იგივე მოვიგებთ) 1 900 ლარს.

ოფციონის გამყიდველი კი იძულებული იქნება სპოტურ ბაზარზე იყიდოს მზესუმზირა 7 100 ლარად და მოგვყიდოს ჩვენ 5 200 ლარად, მაშასადამე იზარალებს 1 900 ლარით ყოველ ტონაზე (ეს მოხდება მაშინ თუ გამყიდველს არ გააჩნია მზესუმზირის საკუთარი, დასაწყობებული მარაგები). ამ თანხას აკლდება პრემია, რომელიც მან მიიღო ოფციონის გაყიდვისას, ამიტომ სუფთა წაგება ყოველ ტონაზე მისთვის იქნება 1 400 ლარი. სწორედ ეს არის ოფციონებით ვაჭრობის რისკი.

მაშასადამე, ოფციონი არის კონტრაქტი, როდესაც მყიდველი უხდის გამყიდველს პრემიას, რის სანაცვლოდაც იგი იღებს უფლებას (და არა ვალდებულებას) იყიდოს/გაყიდოს საბაზო აქტივი წინასწარ მოლაპარაკებული ფასით ექსპირაციის თარიღის დადგომისთანავე, ან მანამდე. პრაქტიკაში, სპოტურ ბაზარზე თითქმის ყველა ოფციონი საბაზო აქტივის სახით იყენებს ფიუჩერსებს, რომლებიც თავის მხრივ დაკონტრაქტირებულია გარკვეულ საბაზო აქტივზე.

რა თქმა უნდა, ამ საკითხში ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც მზესუმზირის მაგალითში განვიხილე, თუმცა ოფციონებით ვაჭრობა საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი საფინანსო ბიზნესის სახეობაა.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.