იღბალი ტრეიდინგში

იღბალი ტრეიდინგში

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ტრეიდერს ტრეიდერული კარიერის განმავლობაში ბევრჯერ თუ არა, ერთხელ მაინც დაუჩივლია უიღბლობის გამო. პრინციპში არა მარტო ტრეიდერული კარიერის დროს, არამედ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც.

შეხედავ ვიღაც ზოდიაქოთი დეგენერატს, რომელსაც მატერიალური თვალსაზრისით შედარებით მაღალი სოციალური საფეხური უჭირავს და ფიქრობ, რომ წარმატების მიღწევისათვის საჭიროა სწორ ბედის ვარსკვლავზე დაბადება და იოლი გზები გარანტირებული გაქვს.

არის თუ არა ეს ცხოვებისეული ალგორითმი სწორი, ამის შესახებ ჩემი მწარე აზრი მაქვს, თუმცა ჯობია დავუბრუნდები საიტის თემატიკას და ვისაუბრებ ტრეიდერული იღბლის და მისი როლის შესახებ საფინანსო ბაზრებზე.

იღბალი vs უნარები

გასაგები მომენტია, იღბალს ვერ ისწავლი, ხოლო უნარების შესწავლა შესაძლებელია. თუმცა საფინანსო ბაზარზე მოსვლისას ადამიანი პირველ რიგში არის იღბლის იმედზე, ხოლო შემდეგ, დიდი ხნის შემდეგ იწყებს უნარების შესწავლას. არ მითხრათ ეხლა, რომ საპირისპიროდ ხდება. ჯერ არ შემხვედრია არც ქართველი და არც უცხოელი ტრეიდერი, რომელმაც ჯერ შეისწავლა სავაჭრო უნარები და შემდეგ დაიწყო პოზიციების გახსნა. თუმცა პროფესიონალი ტრეიდერები ცალსახად გეტყვიან, რომ იდეალურია – პროფესიონალურ დონეზე ფლობდე სავაჭრო უნარებს და პარალელურად ცოტათი ბედ-იღბალიც გწყალობდეს.

ტრეიდინგში იღბლის და უნარების ერთმანეთისგან გამიჯვნა ზოგჯერ მართლაც ძნელია. ფასების მოძრაობების უმეტესობა თუ არა, დიდი ნაწილი წარმოადგენს ე.წ. „საბაზრო ხმაურს“, რომლის წყალობითაც ზოგიერთი ტრეიდერები შემთხვევით შემოსავალს იღებენ და სერიოზულად ჰგონიათ, რომ სწორედ ეს არის ვაჭრობის ცოდნა. სინამდვილეში კი, ეს არის იღბალი. ჟარგონს გამოვიყენებ – ამ საბაზრო ხმაურში შესაძლებელია რამდენჯერმე „გავარტყათ“ და მოვიგოთ.

უსისტემო ვაჭრობის შედეგად მიღებული ერთი ან რამდენიმე, თუნდაც ათეული წარმატებული პოზიცია, თანაც ისე, რომ ეს წარმატებული პოზიციები ემყარება „საბაზრო ხმაურს“ – არის იღბალი. იღბალზე გამართლება.

ხოლო, როდესაც ტრეიდერს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და სავაჭრო უნარები, იგი ნებისმიერ სიტუაციაში იპოვის როგორც ბაზარზე შესვლის ზუსტ, მომგებიან წერტილს, ასევე რთული სიტუაციებიდან გამოსავალს.  ანუ ბაზარზე შევა – მოიგებს, ხოლო რთულ სიტუაციაში ბაზრიდან გამოვა ნულოვანი ზარალით. ესეთი ვითარება იღბალია თუ უნარები – საკითხავი აი ეს არის (შექსპირი 🙂 ).

მიზიდულობის კანონი

ყველას, ვისაც არ ეზარება შეუძლია სოციალურ ქსელებში და ინტერეტ სივრცეში რეკლამა გაუწიოს საკუთარ საქმიანობას, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჯადოსნობის თემებსაც კი ეხება: „იყიდე ჩემი კურსი და შენ მიიზიდავ სიმდიდრეს“, ან „ჩემი გაკვეთილები დაგხმარება აზროვნების ცვლილებაში და შენ შეცვლი ცხოვრებას“, ან კიდევ „შელოცვა ხუთ ლარად და მილიონი დოლარი გარანტირებული გაქვს“.

ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებები უამრავია, რა თქმა უნდა ვუტრირებ, თუმცა როგორც გამოცდილება მეუბნება მათ შორის არის თითო-ოროლა, რომელიც მართლა ნიჭიერი და მცოდნე ადამიანების შექმნილია და მათი მოსმენა ხშირ შემთხვევაში შედეგს მომტანიც არის.

დაგვეხმარება თუ არა ესეთი შემოთავაზებები ფორექსზე და ზოგადად საფინანსო ბაზრებზე საქმიანობაში.

ჩემი სუბიექტური აზრი ცალსახა არ არის:

  • 1) დიახ დაგვეხმარება;
  • 2) არა არ დაგვეხმარება;

პირველ რიგში: არა არ დაგვეხმარება, იმიტომ რომ, რამდენიც არ უნდა ვუსმინოთ ლექციებს საკუთარი აზროვნების ცვლილების შესხებ ფასის და ზოგადად ბაზრის მიმართულება ამით არ შეიცვლება და ათასგვარი შელოცვების, მედიტაციების და თვითდარწმუნებების გავლენით ჩვენი სტრატეგია უკეთესად ვერ იმუშავებს და ათასგვარი ჯადო და ამულეტი წარუმატებლობისგან ვერ გვიხსნის, იმიტომ რომ კომპიუტერის ეკრანის იქით მხარეს მყოფმა დოიჩე ბანკის ინსტიტუციონალურმა ტრეიდერმა არ იცის, რომ ჩვენ გუშინ ელიავას ბაზრობაზე ჟუჟუნასგან ვიყიდეთ წაგებისგან დამცავი ამულეტი. მერწმუნეთ პირადად გამოცდილი და შემოწმებული მაქვს გიშრიდან დაწყებული ქათმის გამხმარი ფეხით დამთავრებული 🙂 ვხუმრობ.

მეორე რიგში: დიახ დაგვეხმარება, იმიტომ, რომ პოზიტიური და დისციპლინირებული აზროვნება საშუალებას მოგვცემს განვვითარდეთ საჭირო მიმართულებით. მაშინ, როდესაც ტიპიურ, მუდამ ცხვირჩამოშვებული ადამიანები იმედგაცრუებულები არიან, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ახლის ძიებას და ასიდან ასივე შემთხვევაში ვპოულობთ კიდეც.

მაგალითად: აპრიორში გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ ტრეიდინგში და დასახული მიზნისკენ გეგმაზომიერად მივდივართ, რაღაცას ვსწავლობთ, რაღაცას ვტესტავთ და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ამოქმედდეს ე.წ. მიზიდულობის კანონი. ძიების პროცესში ჩვენ შესაძლებელია ვიპოვოთ რაიმე ისეთი სტრატეგია, ან მეთოდი, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე ახლოსაა ჩვენს ბუნებასთან, ჩვენს ემოციურ ფსიქო-ტიპთან, ან გავიცნოთ ადამიანი, ან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი მსგავსი ინტერესი გააჩნიათ და რომლებსაც შეუძლიათ, რაიმე სახის კონსულტაცია ან დახმარება გაგვიწიონ ტრეიდინგში. ან სულაც შესაძლებელია ტრეიდინგის შესწავლის პროცესში ინტერესი გადავანაცვლოთ და შევისწავლოთ პროგრამირება, რის მეშვეობითაც შევქმნათ სავაჭრო რობოტები/ექსპრტები/ინდიკატორები და მათი რეალიზაცია განვახორციელოთ.

სხვათა შორის, საიტის ერთ-ერთი აქტიური მკითხველი ძალიან დაინტერესდა ამ თემით და იმედი მაქვს გარკვეული პერიოდს შემდეგ საქართველოში სერიოზული დონის ტრეიდერი პროგრამისტი გამოჩნდეს მისი სახით.

მიზიდულობის კანონი სხვა სტრუქტურით თავად ტრეიდინგის პროცესშიც მოქმდებს, მაგალითად ნულოვანი დონეები, მუვინგები (Moving Average) და ა.შ. თუმცა ეს სხვა სტატიების თემაა.

საკუთარი სტატისტიკის ცოდნა

საკუთარი ვაჭრობის  სტატისტიკური ალბათობის გამოვლენისთვის მიზანშეწონილი და მნიშვნელოვანია გარიგებების დღიურის წარმოება, რათა უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს გარიგებების შანსებისა და ალბათობების ისტორიის შესახებ.

როგორც ტრეიდერს, უკვე გვაქვს პოზიციის გახსნისათვის შესაბამისი კრიტერიუმები. ვიცით, თუ რომელი მათგანი როდის და როგორ მუშაობს. ვიცით ამ კრიტერიუმების მოგება/წაგების თანაფარდობა. ვიცით,  პოზიციის დახურვის, თუ რომელი კრიტერიუმები როდის და როგორ მუშაობენ.

ამგვარი ინფორმაციული მასივის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია ავირჩიოთ ზოგიერთი უფრო მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები: როგორი მიდგომა მუშაობს უკეთ, რა მოგება მოაქვს მას, როდის მუშაობს იგი და რა სიხშირით მუშაობს დადებითი მარჟით.

მონაცემთა შეკრების ინფორმაციული მასივი უნდა ასახავდეს ინფორმაციას ტრეიდერის ვაჭრობის შესახებ. მათი მეშვეობით, შესაძლებელი იქნება დასკვნების გაკეთება შეწონილი რეზულტატების შესახებ. შესაძლებელია, რომ ტრეიდერს ახსოვდეს რამდენიმე კარგი, შედეგიანი პოზიცია, მაგრამ მონაცემთა ბაზის მიხედვით გაკეთებული დასკვნის შედეგად აღმოჩნდეს, რომ ის სტრატეგია რომლის მიხდვითაც გაიხსნა ის, ზემოთღნიშნული კარგი/მომგებიანი პოზიციები საერთო ჯამში არ მუშაობს.

სტატისტიკა მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც მასში მოცემულია დროის გრძელვადიანი პერიოდები, რათა ანალიზი იმისა თუ რომელი სტრატეგია/სისტემა მუშაობს ან არ მუშაობს, იყოს შეძლებისდაგვარად სრულყოფილი.

სტატისტიკაში რაც უფრო მეტია მონაცემები და დროის პერიოდი, მით უფრო ნაკლებად ვეყრდნობით იღბალს, ვინაიდან სტატისტიკიდან თვალნათლივ დავინახავთ ამა თუ იმ სისტემის ეფექტურობას და ამ სისტემის გამართლება-არ გამართლების თაობაზე იღბალს აღარ დავეყრდნობით.

საკუთარი სავაჭრო სისტემის სტატისტიკის წარმოებისათვის შეგვიძლია ვისარგებლოთ შესაბამისი სერვისებით: MyfxBook და MarketStat. ან თუნდაც ჩვეულებრივი Excell -ის პროგრამით.

ერთი იღბლიანი გარიგება

დავუშვათ, საინვესტიციო ფონდის ვინმე მენეჯერმა, ფონდის კაპიტალის დიდი ნაწილი დააბანდა ერთ პოზიციაში და ერთი წლის შემდეგ მიიღო შესანიშნავი მოგება.

შესაძლებელია ეს მოგება დაკავშირებულია იღბალთან, გამართლებასთან, რადგან მენეჯერმა ინვესტიცია განახორციელა ალალბედზე. ან მოგების ეს მაჩვენებელი მიუთითებს ამ მენეჯერის მაღალ პროფესიონალიზმზე, ვინაიდან მისმა მეთოდოლოგიამ იგულისხმა, რომ ფასი უნდა გაზრდილიყო და ამიტომ მენეჯერი მოიქცა დაკვირვებულად და კაპიტალის დიდი წილი დააბანდა ამ ფსონში. ცალსახად თქმა იმისა, რომ მენეჯერი თავის საქმის პროფესიონალია ან იღბალზე დამოკიდებული ტრეიდერია – შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სტატისტიკური მონაცემი მისი ტრეიდერული საქმიანობის შესახებ.

ხშირ შემთხვევაში, ტრეიდერები ხდებიან ერთი წარმატებული გარიგების მსხვერპლნი. იმ გარიგების, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ უკანასკნელ სტატისტიკურ მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი სტატისტიკური პარამეტრები ჯერ კიდევ ჩასახვის პროცესშია. მაშასადამე, ზემოთხსენებული მენეჯერი არის საკმაოდ არაპროფესიონალი ვინაიდან ფსონი დადო ისეთ გარიგებაზე, რომლის წარსული სტატისტიკა არ არსებობდა.

მაგრამ,  მისმა ერთმა დიდი მოცულობის გარიგებამ გაამართლა და დიდი მოგება მოიტანა, ამის გამო კერძო ინვესტორებმა ეს მენეჯერი ჩათვალეს ტრეიდინგის გენიად, დაიწყეს მისი ქება-დიდება და შესაბამისად მის ტრეიდინგში დააბანდეს საკუთარი კაპიტალი მინდობილობით მართვის ფორმით. თუ დააკვირდებით და გაიხსენებთ სწორედ ესეთია პოპულარული ადამიანების უმრავლესობის ცხოვრებისეული ალგორითმი. ერთხენ მოარტყამენ მიზანში და შემდეგ წარმატებული გასროლის ექო თან სდევთ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემდეგი გასროლები მიზანს სულ სცდება და სცდება.

2022 წლის 9 ნოემბერს საიტის ტელეგრამ არხზე გამოვაქვეყნე ერთ-ერთი სტრატეგიის მართლაც სუპერ წარმატებული შედეგი (https://t.me/geoforexinfo/93), რომელმაც 5 დღეში მომიტამა საწყისი კაპიტალის დაახლოებით 25%-იანი ზრდა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ეკრანს და ახალი და ახალი გახსნილი პოზიციეის წარმატებულობას. მხოლოდ ერთი აზრი მაწუხებდა “ნუთუ?!”.

თუმცა, შემდგომმა 4 თვიანმა სტატისტიკამ დაადასტურა რომ, მთლად ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ანუ, სტრატეგიამ იღბალზე გაამართლა დაახლოებით 20-25 დღის განმავლობაში, დანარჩენ პერიოდში კი საკმაოდ მძიმე დეპოზიტის ვარდნები ჰქონდა. ძლივს გამოვძვერი უზარალობითა და პოზიციების გადაფარვით. ამიტომ ვამბობ,  გრძელვადიანი სტატისტიკური მონაცემების არსებობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნებისმიერი სისტემური სტრატეგიის გამოყენებითაც კი წარმატება ვერასოდეს იქნება 100%-ით გარანტირებული. ყველაზე წარმატებულ ტრეიდერსებსაც კი აქვთ დეპოზიტის ვარდნა ე.წ. აუღიარებელი ზარალი.

მაშასადამე, სტრატეგიის თავდაპირველი შედეგების მიხედვით, მე რომ დამეწერა: ხალხოოოო, მომეცით 1000 დოლარი და ყოველ კვირა 250 დოლარს ჩაგახუტებთ მეთქი, ალბათ 10 ადამიანიდან 9 ჩამირიცხავდა ფულს კვირაში 250 დოლარიანი მოგების მისაღების იმედად. და დავემსგავსებოდი მაგალითში მოყვანილ საინვესტიციო ფონდის მენეჯერს.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ  არის თუ არა ესა თუ ის ტრეიდერი მართლაც „გენიოსი“, ამისათვის უნდა ვიცოდეთ მისი პოზიციების სტატისტიკა წლების განმავლობაში, რათა გავაანალიზოთ მისი წარმადობა მთლიანობაში, საბრუნავი კაპიტალის ზრდა, ბოლო-ბოლო ის მაინც უნდა ვიცოდეთ უფილტრო სიგარეტს „პირველს“ ეწევა თუ „სობრანიეს“ 🙂  .

მთავარია თავად პროცესი

ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში სავაჭრო რეზულტატების არ არსებობის პირობებში მიზანშეწონილია ვაწარმოოთ დღიური, სადაც აისახება სავაჭრო უნარების ფაქტორები და იღბალით გამოწვეული წარმატებები. იქ სადაც ჭარბობს იღბალი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ პროცესზე. როდესაც იღბალზე ვართ დამოკიდებულნი, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას და ნებისმიერი კონკრეტული შედეგი იქნება შემთხვევითი.

მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ თავად სავაჭრო პროცესის გაგებასა და გაუმჯობესებაზე. საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობა დაკავშირებულია გადაწყვეტილებების მიღებასთან და კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს გადაწყვეტილებათა შორის ყველაზე საუკეთესო  რისკისა და მოგების გათვალისწინებით.

უნდა დავრწმუნდეთ საკუთარი გადაწყვეტილების საიმედოობაში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს მყარი საფუძველი, რომელიც განაპირობებს ამ გადაწყვეტილების მუშა პროცესს. საკუთარი ისტორიისა და რეზულტატების სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სავაჭრო გადაწყვეტილებები მუშაობენ.

საბოლოო ჯამში უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი სავაჭრო სისტემისა და უნარ-ჩვევების დახვეწის გზით იღბალის როლი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.

ამისათვის:

  • უნდა შევიმუშაოთ ჩექ-ლისტი, რომელშიც უნდა დავაფიქსიროთ ის კონკრეტული კრიტერუმები, რომლებიც უნდა დავიცვათ, მანამდე სანამ გავხსნით ან დავხურავთ სავაჭრო პოზიციას. ამ გზით ვხდებით გაცილებით დისციპლინირებული და ეს დაგვიცავს გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
  • ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოთ „კარგი“ და „მომგებიანი“ ვაჭრობა. „მომგებიანია“ ვაჭრობა, როდესაც ვშოულობთ ფულს, მაშინაც კი, როდესაც ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება შემთხვევითია, იღბალზეა დამოკიდებული. „კარგია“ ვაჭრობა, როდესაც სავაჭრო პროცესში მყარად ვიცავთ  წესებს და პოზიციებს ვხსნით საკუთარი სავაჭრო სტრატეგიის შესაბამისად და არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ყველა პოზიცია ვერ იქნება რეზულტატიური. უნდა ვკონცენტრირდეთ „კარგ“ ვაჭრობაზე და რეზულტატი თავად კონცენტრირდება ჩვენზე.
  • აქცენტირება უნდა მოხდეს რისკების მართვის საკითხთან მიმართებაში. ყურადღება უნდა მივაქციოთ ზარალიანი პოზიციიდან გამოსვლას. არათუ პოზიციის გახსნის დროს, არამედ ზარალიანი პოზიციიდან გამოსვლის დროსაც არ უნდა მივენდოთ იღბალს.

ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ზარალიანი პოზიციის დროს გაგვიელვბს ხოლმე აზრი სტოპ-ლოსის გაზრდის შესახებ. ვფიქრობთ, რომ აი ამ შემთხვევაში იღბალი გაგვიმართლებს და ფასის ტენდენცია შემობრუნდება ჩვენი მიმართულებით. და სიმართლე გითხრათ, ყველაზე სახიფათო ისაა თუ მართლაც ესე მოხდება და მართლაც გაგვიმართლებს, იმიტომ რომ ეს გამართლება ამოგვაგდებს სავაჭრო სისტემიდან და ცდუნება იმისა, რომ სხვა დროსაც დავარღვიოთ სავაჭრო წესები კვლავ და კვლავ შეგვიტევს.

ჰოდა, სადაც ერთხელ მივენდობით ბედ-იღბალს, იქ მეორეჯერაც მივენდობით – გაგვიმართლებს, მესამეჯერაც მივენდობით – გაგვიმართლებს და ა.შ. მაგრამ ერთხელაც იქნება და იღბალი ისე მწარედ ამოგვარტყამს ცხვირში, რომ ის წინა გამართლებები სულ დაგვავიწყდება. იღბალი მიგვატოვებს სწორედ იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად დაგვჭირდება.

მერწმუნეთ გამოცდილი მაქვს, თანაც არაერთხელ და თნაც ძალიან მწარედ…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს ბაზარზე შესვლა

ფორექსის ბაზარზე შესვლა

ფორექსის ბაზარზე შესვლა ნებისმიერი ტრეიდერისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.