რისკების მართვის სტრატეგია

რისკების მართვის ძირითადი სტრატეგია

ფორექსზე ვაჭრობისას რისკების მართვა არის ტრეიდერის ძირითადი ამოცანა, დამწყები ტრეიდერების 90 % კარგავს თავის პირველ დეპოზიტს, ისე რომ მაინც ვერ შეიცნობენ ბაზრის არსს.

იმისათვის რომ არ მოხვდეთ ამ 90%-ს შორის, საჭიროა მიიღოთ გარკვეული ზომები, რათა დაიცვათ საკუთარი ფული. პრევენციული ზომების კომპლექსი საკმაოდ მარტივია, მაგრამ ამავე დროს, მათ შეუძლიათ დაიცვან თქვენი დეპიზიტი სრული კრახისაგან.

არსებობს კაპიტალის დაცვის რამდენიმე ეფექტური მეთოდი, მათ შორის მნიშვნელოვანი მეთოდებია – დივერსიფიკაცია, სტოპების დაყენება, აპარატურის გაუმართაობების პრევენციული ზომები, ჰეჯირება და სავაჭრო მოცულობის სწორად განსაზღვრა.

1) დივერსიფიკაცია – ბიზნესის ნებისმიერ სახეობაში კაპიტალის მართვის საფუძველს წარმოადგენს. ალბათ გაგიგიათ ესეთი გამოთქმა – “არ მოათავსოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში”. გამოთქმა აქტუალურია სავალუტო ბაზართან მიმართებაშიც. დივერსიფიკაციისათვის საჭიროა ფინანსური სახსრები დაიყოს რამდენიმე ნაწილად, იდეალური ვარიანტია – სამ ნაწილად დაყოფა.

მაგალითად, შეგიძლიათ გახსნათ სამი ანგარიში ერთი და იმავე ან სხვადასხვა ვალუტაში, ეს მოგცემთ შესაძლებლობას თავი დაიცვათ სისტემური რისკებისაგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თანხები გადარიცხოთ ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე თვით საბროკერო კომპანიის შიგნით, როგორც წესი ასეთი ტრანზაქცია ხორციელდება უფასოდ, საკომისიო დანარიცხის გარეშე.

შეეცადეთ, პირველ პერიოდში არ გამოეკიდოთ მოგებას, არამედ შეიძინეთ ვაჭრობის ჩვევები და გამოცდილება, შეიცანით ბაზრის არსი და დახვეწეთ საკუთარი სტრატეგია. სწორედ დივერსიფიკაცია მოგცემთ შესაძლებლობას არ დაკარგოთ მთლიანი ფული ერთბაშად.

2) სტოპ ორდერების დაყენება და ტრეილინგ სტოპი – ეს ორი ორდერი იმის საშუალებას მოგცემთ, რომ არ დაკარგოთ თქვენი ფული მთლიანად, და არ იფიქროთ, რომ ტერმინალთან მუშაობისას თავადაც შეძლებთ ორდერის დროულად დახურვას. ამას ეწინააღმდეგება მრავალი ირიბი მიზეზი – დენის გათიშვა, ინტერნეტის წყვეტა, კომპიუტერის გაუმართაობა და რაც მთავარია ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომლის შესახებაც სხვა სტატიებში გვაქვს საუბარი.

ამიტომ, ყოველთვის, ორდერის გახსნისთანავე დააყენეთ სტოპ ორდერი, ამასთან თუ სტოპ ლოსი ჩვეულებრივად დახურავს თქვენს პოზიციას, მაშინ, როდესაც ფასი თქვენთვის არასასურველი მიმართულებით წავა, ტრეილინგ სტოპი მოგცემთ მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას ტეიკ პროფიტის დაყენების გარეშე.

3) აპარატურის გაუმართაობის პრევენცია – იმ შემთხვევაში თუ, ორდერის გახსნისთანავე დააყენებთ სტოპ ლოსს, მაშინ აპარატურის გაუმართაობა თქვენთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის, ყოველთვის, ადვილად მისაგნებ ადგილზე იქონიეთ ბროკერის ტელეფონის ნომერი და სატელეფონო პაროლი. საშუალო, ძლიერი და სერიოზული დონის ტრეიდერებისათვის კი, არ იქნება ზედმეტი კვების და ინტერნეტ კავშირის ალტერნატიული ხაზი და აგრეთვე ალტერნატიული ტერმინალი, რომელიც ჩატვირთული იქნება ან სხვა ლეპტოპში ან მობილურ აპარატში (ტელეფონი ან სმარტფონი). ამ წინადადებაზე დამწყებ ტრეიდერებს ალბათ გაეღიმებათ, მაგრამ ტრეიდერები, რომლებიც 10 და მეტი ლოტის მოცულობით ვაჭრობენ, როდესაც ერთი პუნქტი 100 აშშ დოლარზე მეტი ღირს – ნამდვილად არ ექნებათ გასაღიმად საქმე, როდესაც შუა ვაჭრობის დროს ინტერნეტ კავშირი შეუწყდებათ და როდესაც მათმა ზარალმა შესაძლებელია ათასობით დოლარი შეადგინოს.

4) ჰეჯირება – შესაძლებლობას იძლევა შევამციროთ ზარალი უკვე ამოქმედებული (მუშა) ორდერის პირობებში. ამისათვის უნდა გაიხსნას იმავე მოცულობის, მაგრამ საპირისპირო მიმართულების ორდერი. მისი გახსნის შემთხვევაში ხდება ზარალის ფიქსაცია მიმდინარე დონეზე, შემდეგ ზარალიანი ორდერი იხურება, ხოლო მომგებიანი ორდერის მეშვეობით, რომელიც მოგების მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას, მიიღებთ მოგებას. პრაქტიკაში ჰეჯირების გამოყენება არის საკმაოდ რთული ილეთი და ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.

5) სავაჭრო მოცულობის გამოთვლა (ლოტი)– ბევრი ტრეიდერი ცდილობს მაქსიმალური მოგების მიღებას ფასის მოძრაობის ერთი პუნქტიდან, ამიტომ ვაჭრობისას ისინი ცდილობენ გარიგება დადონ ლოტის მაქსიმალური მოცულობით. რეზულტატად კი – სულ მცირე უკუსვლა/კორექციის დროს შეუძლებელი ხდება წინააღმდეგობა გაეწიოს ფასს, ვინაიდან დეპოზიტი არასაკმარისია. მოცულობის დაანგარიშებისას შეეცადეთ გაითვალისწინოთ ერთი პუნქტის ღირებულება და თქვენი დეპოზიტის გამძლეობის მარაგი.

მაგალითად, თუ სავაჭრო მოცულობის შესაბამისად, ერთი პუნქტის ღირებულება 1 აშშ დოლარია, ხოლო შესაძლო მაქსიმალური უკუსვლა 30 პუნქტია, მაშინ ორდერის გახსნის შემდეგ, თქვენს ანგარიშზე მინიმუმ, 30 აშშ დოლარს პლიუს პოზიციის უზრუნველყოფის თანხა უნდა იყოს. უხეშად რომ ვთქვათ დეპოზიტზე სულ, დაახლოვებით 50 აშშ დოლარი უნდა გქონდეთ. გასაგებია, რომ ამ დონის მიღწევის შემდეგ ბროკერი, იძულების წესით არ დახურავს თქვენს ორდერს, მაგრამ მაინც ძალიან არასასიამოვნოა ანგარიშზე მინუსის არსებობა, და თავისუფალი სახსრების მაქსიმალური დეფიციტი. ფორექსზე ვაჭრობისას, ასეთი ვითარება ჰგავს დანის წვერზე სიარულს.

ზემოთაღნიშნული მაგალითისთვის მოვიყვანე, არასოდეს ესე არ მოიქცეთ. 1 დოლარიანი ღირებულების სავაჭრო მოცულობით ვაჭრობისას, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, 700-დან 1000 აშშ დოლარამდე მაინც უნდა გქონდეთ, ყველანაირი – სადეპოზიტო გამძლეობის მარაგის, გაუთვალიწინებელი კორექციული მოძრაობის, საკმარისი თავისუფალი სახსრების არსებობის, სხვა სავაჭრო ოპერაციების გახსნისთვის საჭირო რესურსებისა და რაც მთავარია ტრეიდერის ფსიქოლოგიური მდგრადობის გათვალისწინებით.

რისკების მართვის სტრატეგია, რისკების მინიმიზაციისათვის, გულისხმობს ყველა, ზემოთაღნიშნული მეთოდების კომპლექსურ გამოყენებას. მხოლოდ ამ შემთხევაში არის შესაძლებელი მაქსიმალური წარმატების მიღწევა ფორექსზე ვაჭრობის დროს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პანიკის რისკი

პანიკის რისკი ფორექსზე

ფორექსზე პანიკის რისკს აგრეთვე ქცევით რისკსაც უწოდებენ. ამის მიზეზი საკმაოდ მრავალი, როგორც გარე, ასევე შიდა …