სარჩევი
ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელია განხორცილდეს სხვადასხვა მეთოდებით. ამ მეთოდებს ჰყავთ, როგორც მხარდამჭერები ასევე მოწინააღმდეგებიც. არსებობს 4 სახის ფინანსური ბაზარი. ესენია: ძვირფასი მეტალების ბაზარი, სასაქონლო ბაზარი, საფონდო, ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ჩვენთვის უკვე ცნობილი სავალუტო ბაზარი – ფორექსი. ყველა ეს სტრუქტურა არ შეიძლება განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
მათი მუშაობა, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ელემენტები, ყოველთვის ერთმანეთთან კავშირშია. მოვლენები ერთ ბაზარზე გავლენას, თანაც საკმაოდ ძლიერ გავლენას, ახდენენ სხვა ბაზრების მუშაობაზე, თანაც ეს გავლენა ჯაჭვური რეაქციის ეფექტით ვრცელდება. სტატიაში ჩვენ შევეხებით ფასიანი ქაღალდებისა და ფორექსის ურთიერთდამოკიდებულებას, ასევე ამ ბაზრების დადებით და უარყოფით მხარეებს, ვაჭრობაში მონაწილე მხარეებისთვის.
ფასიანი ქაღალდი – არის კაპიტალის გარკვეულ ნაწილზე საკუთრების მოწმობა, რომელიც მფლობელს აძლევს უფლებას მიიღოს მოგების გარკვეული წილი, საკთრების მფლობელის შემოსავლიდან (კომპანიები, კორპორაციები, სახელმწიფო). როცა შევიძენთ ფასიან ქაღალდს (საფონდო ინსტრუმენტს), ჩვენ ვმონაწილეობთ, რომელიმე პროექტის ან კაპიტალის მოგებაში, – ვმონაწილეობთ მოგების იმ პროცენტით, რომელსაც ფარავს ჩვენს მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდის ღირებულება. ამ ქაღალდების, ან საკუთრების უფლების სანაცვლოდ, შესაძლებელია მივიღოთ მატერიალური წილი კაპიტალიდან ან პროექტიდან, მათი (ფასიანი ქაღალდების) წარდგენის შედეგად.
ფასიანი ქაღალდების სახეობები
- აქციები;
- ობლიგაციები;
- წარმოებული ფასიანი ქაღალდები – ფიუჩერსები, ოფციონები, ვარანტები (ორდერები);
- დეპოზიტური და შემნახველი სერტიფიკატები;
- თამასუქები.
ფასიანი ქაღალდების განხილვა
ფასიანი ქაღალდების ძირითად სახეობას წარმოადგენს აქციები. მათ მფლობელს ეძლევა საშუალება ფლობდეს, სააქციო საზოგადოების მოღვაწეობისგან მიღებული შემოსავლიდან მოგების წილს. ფაქტობრივად ეს არის ორგანიზაციის კაპიტალის წილი. აქციები შესაძლებელია იყოს წარმომდგენზე, ანუ მათი განაღდება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წარადგენს აქციას, აგრეთვე აქციები შესაძლებელია იყოს მიკუთვნებული კონკრეტულ პირზე – სახელობითი.
ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები
სააქციო საზოგადოების საერთო კრებაზე ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს აქვთ ხმის უფლება. დივიდენდები, რომლებსაც იღებს აქციების მფლობელი, დამოკიდებულია სააქციო საზოგადოების წლიური მუშაობის შედეგებზე. პრივილეგირებული აქციების შემთხვევაში, მათი მფლობელი იღებს წინასწარ დადგენილ ფიქსირებულ პროცენტს კომპანიის მოგებიდან, მაგრამ სააქციო საზოგადოების საერთო კრებაზე არ აქვს ხმის უფლება. იგი არის როგორც, კომპანიის კაპიტალის წილის მფლობელი, ასევე მას ეძლევა კომპანიის მოგებიდან გარკვეული წილიც.
- ობლიგაცია – არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ემიტენტი (ვინც უშვებს ობლიგაციებს) ადასტურებს, რომ ობლიგაციის მფლობელის მიმართ აქვს ვალი და ადასტურებს იმასაც, რომ ობლიგაციის მფლობელს აქვს უფლება მიიღოს გარკვეული პროცენტი ორგანიზაციის მოგებიდან, წინასწარ შეთანხმებული რომელიმე მეთოდით. ჩვეულებისამებრ, ობლიგაციის მოგება ფორმირდება, მისი ნომინალის ღირებულების ყოველწლიური ფიქსირებული პროცენტისგან.
ობლიგაციები არსებობს კორპორაციული და სახელმწიფო. სახელმწიფო ობლიგაციები ნაკლებად მომგებიანი, თუმცა უფრო საიმედოა. საპირისპირო მახასიათებლები აქვს კორპორაციულ ობლიგაციებს. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა საქმიან მოდელებში, იკვეთება პირდაპირი დამოკიდებულება რისკსა და შემოსავლიანობას შორის.
საფონდო და სავალუტო ბაზარს აქვს მსგავსი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები. სავალუტო ბაზრის წარმოებული ინსტრუმენტების შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ამ სტატიაში განვიხილოთ საფონდო ბაზრის წარმოებული ინსტრუმენტები.
წარმოებული ფასიანი ქაღალდები
- ვარანტი – განსაზღვრავს მფლობელის, აქციებთან სხვადასხვა პირობებით ჩასატარებელი ოპერაციების სახეების უფლება-მოვალეობებს – ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა.
- ფიუჩერსი – მომავალში გასაყიდი ან საყიდელი, გარკვეული რაოდენობის აქციების სტანდარტული კონტრაქტი. საფონდო ფიუჩერსის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ტრეიდერს აქვს უფლება და მოვალეობა მომავალში გაყიდოს აქციები იმ ფასად, რომელიც მასშია მითითებული. ამგვარი რთული შეთანხმების პირობების შესრულების საგარანტიოდ, ორივე მხარეს, ოპერაციის განმახორციელებელ ბირჟაზე შეაქვს საგარანტიო თანხა
- ოფციონი – როგორც მფლობელს, კი არ გავალდებულებთ ყიდვის ან გაყიდვის განხორციელებას, არამედ გაძლევთ შესაძლებლობას განახორციელოთ ისინი, მხოლოდ თქვენი სურვილისამებრ. ამიტომ ოფციონის გამყიდველი რისკავს მხოლოდ იმით, რომ შესაძლებელია ოპერაცია საერთოდ არ შედგეს. ამერიკული ტიპის ოფციონი გაძლევთ ყიდვა/გაყიდვის უფლებას გარკვეული, განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში, ხოლო ევროპული ოპციონი – პერიოდის ამოწურვის შემდეგ.
იმ რისკისათვის, რომელსაც განიცდის ოფციონის გამყიდველი, მყიდველი უხდის მას გირაოს, რომელსაც “პრემიას” (ჩვენებურად “B”) უწოდებენ და კარგავს მას თუ საბოლოო ჯამში შეთანხმებაზე უარს იტყვის. გამყიდველს კი, შეთანხმების პირობების შესრულების გარანტიად, თავის მხრივ ბირჟაზე გირაო შეაქვს, ისევე როგორც ფიუჩერსების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში სავაჭრო ობიექტად გვევლინება თვით “პრემიის” თანხა.
- სერტიფიკატი – არის ბანკის წერილობითი ინფორმაცია კლიენტის დეპოზიტის შესახებ. ამ დოკუმეტის მეშვეობით, გარკვეული პერიოდის შემდგომ, კლიენტს შეუძლია დაიბრუნოს როგორც დეპოზიტი, ასევე საპროცენტო სარგებელი მიიღოს. იურიდიულ სუბიექტებს, რომლებსაც შეაქვთ ფული აქციონერული საზოგადოებების ბრუნვაში, ეძლევათ სადეპოზიტო სერტიფიკატი. თუ ფიზიკური პირი ზღუდავს სააქციო საზოგადოების სახსრებს და მონაწილეობს მის მოგებაში, მაშინ მას ეძლევა შემნახველი სერტიფიკატი.
- თამასუქი – მეანაბრისა და კომპანიის შორის შეთანხმების ერთ-ერთი სახეობაა. თამასუქი განსაზღვრავს თანხას და ვადას, რა თანხაზე და ვადაზეც არის იგი გამოწერილი. ვადის ამოწურვის შემდეგ, თამასუქის წარდგენისას, შეგვიძლია ემიტენტისგან მოვითხოვოთ აღნიშნული თანხა. განასხვავებენ თამასუქის 2 სახეობას, ჩვეულებრივს და გადასაცემს (სახარჯოს).
ჩეულებრივი თამასუქი არის აღებული თანხის დაბრუნების ელემენტარული დამოწმებული პირობა. გადასაცემი თამასუქი (სახარჯო) არის დოკუმენტი, რომელსაც გასცემს თვით კრედიტორი თავის მოვალეს. მოვალე ან იღებს, ადასტურებს მას – და იხდის შეთანხმებულ თანხას, ან აპროტესტებს გადასაცემ თამასუქს.
რადგან უკვე გავიგეთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების არსი, განვიხილოთ ვაჭრობის მექანიზმები.
პირველი და ძირითადი განსხვავება საფონდო და სავალუტო ბაზრებს შორის – ეს არის სავაჭრო სივრცის შეზღუდვა.
არსებობს ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე რამდენიმე უმსხვილესი ბირჟა, რომლებიც განთავსებულია მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების ტერიტორიებზე. ამ ბირჟებზე, არსებობს სხვადასხვა კოტირებები და ყველა შესაძლო ინდიკატორების სხვადასხვა მაჩვენებლები.
თუმცა ტელესაკომუნიკაციოს ტექნოლოგიების გამო, ბირჟებს შორის ურთიერთქმედების სისტემა სახეშეცვლილია და მონაცემები თითქმის სინქრონიზებულია. არბიტრაჟული ოპერაციები, ისეთები როგორიცაა უფრო მომგებიანი კურსებით ყიდვა ერთ ბირჟაზე და გაყიდვა მეორე ბირჟაზე – დაყვანილია მინიმუმამდე, ვინაიდან სხვადასხვა ბირჟის მონაწილეები მომენტალურად ცვლიან ინფორმაციებს ერთმანეთში. ფორექსზე კი არბიტრაჟული ოპერაციების განხორციელება საერთოდ შეუძლებელია, ვინაიდან ფორექსს არ აქვს ვაჭრობის ცენტრალიზებული სივრცეები.
საფონდო ბირჟაზე ყიდვა/გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისათვის საჭიროა, რომ მყიდველმა და გამყიდველმა მოძებნონ ერთმანეთი. იმის გამო, რომ ერთი საფონდო ბირჟის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომაც აქციებზე განხორციელებული ოპერაციების ლიკვიდურობაც ბევრად დაბალია, ვიდრე ფორექსზე. საფონდო ბირჟაზე შესაძლებელია ვერ ვიპოვოთ თქვენი აქციების მყიდველი და შედეგად მივიღოთ წაგება, იმის გამო რომ მათი ფასი დაეცა.
ფორექსისგან განსხვავებით, საფონდო ბირჟაზე სპეკულატიური ოპერაციების განხორციელებისას მოგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კურსის ზრდაზე ვიქნებით ორიენტირებულნი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ – პირველ რიგში უნდა ვიყიდოთ აქციები დაბალ ფასად და შემდეგ გავყიდოთ უფრო მაღალ ფასად.
შეუძლებელია ჯერ გავყიდოთ აქცია, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუმცა არსებობს აღნიშნული შეზღუდვების გვერდის ავლის მექანიზმები, როცა შესაძლებელია ფასიანი ქაღალდების ფიქტიური გაყიდვა, მაშინ როცა ისინი ფაქტობრივად არ გაგვაჩნია, იმ ვალდებულებით, რომ განვახორციელოთ საპირისპირო ოპერაციაც – ასეთი მომსახურების სახეობაც არსებობს საბირჟო შუამავლებსა და კერძო ტრეიდერებსათვის.
ფორექსისგან განსხვავებით, საფონდო ბაზარზე შეუძლებელია მარჯინალური ვაჭრობის უპირატესობებით სარგებლობა. აქციების ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ხელთარსებული ფინანსებით, იმიტომ, რომ მათი ყიდვა ხდება არა მხოლოდ სპეკულაციის მიზნით.
როგორც ზემოთ ავღნიშნე აქციები უფლებას გვაძლევს ვფლობდეთ კომპანიის კაპიტალის წილს, აგრეთვე სააქციო საზოგადოების საერთო კრებაზე კენჭის ყრაში მონაწილეობისა და დივიდენდების მიღებაზე. ამიტომ შეგვიძლია ვიყიდოთ აქციები კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისათვის და არა მხოლოდ მისი შემდგომი გადაყიდვისათვის. ასეთ შემთხვევაში პოზიციის გახსნისა და დახურვის ცნება აზრს კარგავს, იმდენადვე, რამდენადაც ჩვენი, როგორც ტრეიდერების დაკრედიტება და ჩვენთვის საკრედიტო მხარის შეთავაზება.
ფორექსის ბაზრისგან განსხვავებით, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობს, საფონდო ბაზარს აქვს გახსნისა და დახურვის შესაბამისი საათები. ისინი განისაზღვრება შესაბამისი საფონდო ბირჟების სამუშაო საათებით, რომელ მონაკვეთშიც მიმდინარეობს ვაჭრობა (როგორც წესი 8 საათი – სამუშაო დღეებში). თუ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისათვის იყებებთ ინტერნეტს და არ იმყოფებით მასთან ერთნაირ დროის სარტყელში – ამას გარკვეული დიკომფორტი მოაქვს.
საფონდო ბირჟის ვაჭრობის საათები შესაძლებელია ემთხვევოდეს ღამის საათებს თქვენს რეგიონში. ამიტომ ასეთ ვაჭრობის სტილი შესაბამისად შეცვლის ტრეიდერის ცხოვრების სტილს. ფორექსის დღე-ღამური მუშაობის გრაფიკის გამო, ტრეიდერს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ვაჭრობისათვის.
საფონდო ბირჟაზე წარმატებული ვაჭრობისათვის არ არის საკმარისი ანალიზური მექანიზმის გამოყენება, ისე, როგორც ეს დამახასიათებელია ვალუტებისთვის ფორექსის ბაზარზე. ტექნიკური ანალიზი და ფუნდამენტალური ანალიზი შესაძლებელია გამოყენებული იქნას აქციების კოტირებების პროგნოზირებისათვის, მაგრამ მიკროეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის საქმიანობაზე, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყიდვა/გაყიდვის სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კომპანიის საფინანსო ანგარიშებზე წვდომა, ინფორმაცია საკადრო ცვლილებებისა და კომპანიის პროდუქციაზე სახელმწიფო შეკვეთების შესახებ.
როცა საუბარია უცხოურ კომპანიებზე, მაშინ ინფორმაცია უნდა მივიღოთ უცხოური სამაუწყებლო საშუალებებისგან: ტელევიზია, გაზეთები, ჟურნალები, ინტერნეტგამოცემები, რომლებიც ავრცელებენ ფინანსურ და ეკონომიკურ ინფორმაციებს ამა, თუ იმ კომპანიების შესახებ. ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა ვრცელდება უცხოურ ენაზე, რაც გარკვეულ სიძნელეებს ქმნის მათ აღსაქმელად, ვინაიდან საჭიროა უცხოური ენის, ან ენების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
რა თქმა უნდა საფონდო ინსტრუმენტებს გააჩნიათ თავისი უპირატესობებიც, ვიდრე ფორექსის ინსტრუმენტებს. ეს არის დივიდენდების მიღება აქციებზე, კომპანიების მართვაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვა, ობლიგაციებზე კუპონური გადახდები. ეს უპირატესობების, გარკვეულწილად ამცირებენ დანაკარგების რისკებს საფონდო ბაზარზე მუშაობისას.
ამ სტატიაში შევეცადეთ ფორექსისა და საფონდო ბირჟების შედარება. მოკლედ ავხსენით თითოეულის ნაკლი და უპირატესობა. თითოეული მათგანი თავისებურად მიმზიდველია ინვესტორისთვის. შემდეგ სტატიებში შევეხებით კორელაცის (ურთიერთკავშირს) საფონდო ბირჟებისა და ფორექსს შორის. გავიგებთ, თუ როგორ გვეხმარება ერთი ბაზრის პროგნოზირება, მეორე ბაზარზე ყიდვა/გაყიდვის გადაწყვეტილებების მიღებაში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით