ფორექსის სწავლა

ელიოტის ტალღები

ელიოტის ტალღები – ფორექსის ტალღური ანალიზის ერთ-ერთ ინსტრუმენტია. ცნობილია, რომ ცხოვრებაში ბევრ მოვლენას და პროცესს აქვს ციკლური ხასიათი. ყველას გაგვიგია გამოთქმა იმის შესახებ, რომ ისტორიის ვითარდება სპირალისებურად და წარსულში მომხდარი მოვლენები მეორდება თავისი ახალი ინკარნაციით. ამ კონტექსტში ფინანსური ბაზრებიც არ არის გამონაკლისი.

ვიცი, სტატია ძალიან რთული აღსაქმელი იქნება, მაგრამ შეეცადეთ როგორმე ზოგადი აზრი გამოიტანოთ, სხვა რუბრიკებში უფრო მარტივად ავხსნი ელიოტის ტალღებს, მაგრამ მათი გაგება გაგიჭირდებათ, თუ ამ სტატიას არ გაეცნობით ყურადღებით.

ერთ-ერთ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ დოუს თეორია, რომელიც წარმოადგენს ფინანსური ბაზრების ტექნიკური ანალიზის ფუნდამენტს. აღნიშნული თეორია გადამუშავებული იქნა პროფესიით ბუღალტერის – რალფ ნელსონ ელიოტის მიერ და გაგრძელება ჰპოვა მის მონოგრაფიაში “ტალღური პრინციპი”, რომელიც გამოიცა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. თავდაპირველად ელიოტის ტალღების თეორია შეიქმნა საფონდო ბაზრების ლიკვიდური აქტივების ანალიზისათვის, თუმცა შემდგომში ეს თეორია წარმატებით იქნა გამოყენებული ფორექსის ბაზრის ანალიზისათვისაც.

თეორიის შექმნისას ელიოტი შეეცადა ეპოვა კანონზომიერებები საბაზრო მოძრაობების ქაოსში. მან ჩაატარა კოლოსალური სამუშაოები, რომლის რეზულტატს წარმოადგენს გათვლები ბაზრის მონაწილეების მასობრივი ფსიქოლოგიის შესახებ. ელიოტი მივიდა დასკვნამდე, რომ საბაზრო კოტირებები განისაზღვრება გარკვეული ციკლურობით, რომელსაც საფუძვლად უდევს ბაზარზე ტრეიდერების ქცევის ფსიქოლოგია. ციკლურობა კი გამოიხატება, იმაში რომ საბაზრო აქტივების კოტირებები გრაფიკზე გამოისახება ტალღების სახით, რომლებსაც ელიოტის ტალღები ეწოდა.

ელიოტის ტალღური თეორიის თანახმად, ბაზარი არსებობს ორ მდგომარეობაში, ანუ ორ ფაზაში – ხარების (აღმავალი ტრენდი) და დათვების (დაღმავალი ტრენდი) მდგომარეობაში (ფაზაში). ბაზრის მიმდინარე ფაზა განისაზღვრება მისი ტრენდით. ელიოტი ასკვნის, რომ ფინანსურ ბაზარზე ნებისმიერი მოძრაობა იყოფა ხუთ ტალღად – ძირითადი ტენდენციის მიმართულებით და სამ მაკორექტირებელ, საპირისპირო მიმართულების ტალღად.

ზემოთაშნიშნულის უფრო კარგად გააზრებისთვის განვიხილოთ სურათი, რომელშიც წარმოდგენილია ხარების (აღმავალი ტრენდი) ბაზარზე განვითარებული სიტუაცია.

ელიოტის ტალღები მაგალითი

ელიოტის ტალღები

ელიოტის ყველა ტალღა იყოფა ორ ტიპად: იმპულსურ ტალღებად და უკუსვლის ტალღებად. წარმოდგენილ სურათზე ტალღები 1-5 არის ძირითადი, რომელთაც აქვთ აღმავალი ტენდენცია. სამი მათგანი (1,3 და 5) არის იმპულსური ტალღები, რადგან ტალღები წარმოიქმნება ძირითადი მიმართულების თანხვედრილად. ორი ტალღა (2 და 4) არის უკუსვლის ტალღა. ტალღა (A-C) არის მაკორექტირებელი, თანაც მათ შორის ორი (A და C) არის იმპულსური ტალღა, რადგან ადასტურებენ მაკორექტირებელ მოძრაობას. ტალღა B არის კორექტირების უკუსვლის ტალღა.

ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც ელიოტის ტალღებს გააჩნიათ, არის ჩართულობის პრინციპი. ნებისმიერი ტალღა გარკვეულ ზღვრამდე შესაძლებელია დაიყოს უფრო პატარა ტალღებად (ანუ პატარა ტალღები ჩართული არიან დიდ ტალღის ფორმირების პროცესში), აგრეთვე თვითონ არის უფრო დიდი ტალღის შემადგენელი ნაწილი.

იმპულსური ტალღები იყოფიან ხუთ ძირითად ტალღად, ხოლო უკუსვლის ტალღები იყოფა სამ მაკორექტირებელ ტალღად.

თეორიაში გამოყოფილია ყველაზე დიდი ციკლი რომელსაც ჰქვია “დიდი სუპერციკლი”, რომელიც შედგება 8 ტალღისგან. თითოეული ტალღა იყოფა უფრო მცირე ზომის ტალღებად – შესაბამისი იერარქიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი ბაზარი დავალაგოთ ტალღების მიხედვით – თეორია ხშირად განსხვავდება პრაქტიკისაგან.

დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზის შედეგად, ტალღური თეორიის ავტორი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტალღებს აქვს გარკვეული კანონზომიერებები. კერძოდ ერთი სერიის ტალღების სიგრძეების შეფარდება ხშირად ერთმანეთზეა დამოკიდებული. ურთიერთდამოკიდებულების გამოხატვისთვის ხშირად გამოიყენება ფიბონაჩის რიცხვები (ფიბონაჩის რიცხვები განხილული იქნება სხვა სტატიაში).

  • ტალღა 2-ის სიგრძე ხშირად განისაზღვრება, როგორც ტალღა 1-ის სიგრძის 0.382, 0.5 ან 0.618.
  • ტალღა 3-ის სიგრძე ხშირად განისაზღვრება, როგორც ტალღა 1-ის სიგრძის 0.618, 1.618 ან 2.618.
  • ტალღა 4-ის სიგრძე ხშირად განისაზღვრება, როგორც ტალღა 1-ის სიგრძის 0.382 ან 0.5.
  • ტალღა 5-ის სიგრძე ხშირად განისაზღვრება, როგორც ტალღა 1-ის სიგრძის 0.382, 0.5 ან 0.618.
  • ტალღა A-ს სიგრძე ხშირად განისაზღვრება, როგორც ტალღა 5-ის სიგრძის 0.618 ან 0.5 ან 1.
  • ტალღა B-ს სიგრძე ხშირად განისაზღვრება, როგორც ტალღა A-ს სიგრძის 0.382 ან 0.5.
  • ტალღა C-ს სიგრძე ხშირად განისაზღვრება, როგორც ტალღა A-ს სიგრძის 0.618, 0.5 ან 1.618.

ეს არის ურთიერთდამოკიდებულების კლასიკური, ელიოტისეული გამოხატვა, თუმცა ელიოტის თეორიის ზოგიერთ მოდიფიკაციაში საუბარია სხვაგვარ ურთიერთდამოკიდებულებებზე. ზემოთ აღნიშნული კოეფიცენტები ერთგვარ “მაგიურ რიცხვებს” წარმოადგენენ, რომლებიც გამოითვლება შესაბამისი ალგორითმით და ჩვენს მიერ განხილული იქნება სხვა სტატიაში, სადაც ვისაუბრებთ ფიბონაჩის რიცხვებზე.

მიჩნეულია, რომ ზემოთ წარმოდგენილი კლასიკური გამოთვლების ცდომილება 10-20%-ია. ცდომილება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორის გავლენის გამო, რომლებიც ფინანსური ბაზრების მუდმივად თანმდევი მოვლენაა. თუ საკითხს ობიექტურად შევხედავთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ წარმოდგენილი ურთიერთდამოკიდებულებების მაინც პირობითია. სხვადასხვა ციკლის ტალღების ზომების ურთიერთდამოკიდებულებები შესაძლებელია გამოსახული იქნას ფიბონაჩის რიცხვებით. ტალღების ზომებში იგულისხმება, როგორც გრაფიკზე გამოსახული მათი სიგრძე, ასევე რეალური ხანგრძლივობა. ყოველ ტალღას აქვს თავისი მახასიათებლები, რომლებიც აღმავალი ტრენდისათვის განხილული იქნება ქვემოთ.

  • ტალღა 1 წარმოიქმნება, როდესაც ბაზარზე თითქმის მთლიანად ბატონობენ დათვები და ფინანსური სიახლეებიც დათვების მხარეზეა. მოცემული ტალღა, როგორც წესი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასთან ერთად ხდება ტექნიკური ან ფუნდამენტალური ასპექტების მკვეთრი ცვლილებები (მაგალითად წინააღმდეგობის ხაზის გარღვევა, ან საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ცვლილება). თუ კარდინალური ცვლილებები ბაზარზე არ არის, მაშინ ეს ტალღა წარმოადგენს უმნიშვნელო იმპულსურ მოძრაობას.
  • ტალღა 2 წარმოიქმნება უკუსვლის დროს, რომელიც დაიწყო ხარების მიერ მომგებიანი პოზიციების მიღწევის შემდეგ. ასეთი უკუსვლა ნიველირებას უკეთებს ფასის მოძრაობას, რომელიც მიღწეულია ტალღა 1-ის მიერ. მაგრამ მისი დასაწყისის ქვემოთ უკუსვლა როგორც წესი აღარ ხდება. ტალღა 2 შესაძლებელია ავხსნათ ნერვულად დაძაბული ხარების მიერ, მიღწეული მოგების ფიქსაციით, რომლებსაც ეშინიათ ფასის უკუსვლის. ტალღა 2-ის სიგრძე როგორც წესი ტალღა 1-ის 50-70 %-ია.
  • ტალღა 3 არის ელიოტის ტალღური თეორიის მიმდევრების “ძიების” ძირითადი საგანი. სწორედ ამ ტალღის “დაჭერის” შემდეგ შესაძლებელია მაქსიმალური მოგების მიღება. ეს ტალღა ხასიათდება პროფესიონალური ტრეიდერების ოპტიმიზმის მკვეთრი მატებით. 90% შემთხვევაში ტალღა არის ყველაზე მძლავრი და გრძელი, მასზე მოდის ფასის აჩქარების მაქსიმუმი. როგორც წესი, ტალღა 3-ის ზრდასთან ერთად იზრდება სავაჭრო მოცულობები. კლასიკურ შემთხვევაში ტალღა 3, ტალღა 1-ზე მინიმუმ 1.618 -ჯერ მეტია.
  • ტალღა 4 ახდენს ფასის მკვეთრი ზრდის კორექტირებას საპირისპირო მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკის ისტორიულ წარსულზე მისი იდენტიფიცირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მისი დასაწყისის გამოვლენა რეალურ, მიმდინარე დროში ძნელია. როგორც წესი უკუსვლა ხდება ტალღა 3-ის სიგრძის დაახლოვებით 35-45%-ის დიტანციაზე, ხოლო მისი ხანგრძლივობა არც თუ ისე დიდი. კლასიკურ შემთხვევაში ტალღა 4 არ უნდა გადაიფაროს ტალღა 2-ით.
  • ტალღა 5 ხშირად ხასიათდება იმით, რომ არ დასტურდება სავაჭრო მოცულობების ზრდით. ზოგჯერ ამბობენ, რომ ხდება იმპულსური დივერგენცია, ანუ ხდება ფასების ზრდა დაბალი ან საშუალო მოცულობების ფონზე. ტალღა 5-ის დასასრულზე სავაჭრო მოცულობები ისევ გაიზრდება. მოცემულ ეტაპზე ძირითადი მოძრაობა (ჩამოყალიბებული ტრენდის მიმართულებით) დასრულების ფაზაშია და ხდება მაკორექტირებელ ტალღებზე გადასვლა.
  • ტალღა A ხასიათდება საბაზრო სიტუაციით, როდესაც ხარები აჟიოტაჟით აფიქსირებენ მომგებიან პოზიციებს. ბაზარზე ჩნდებიან ტრეიდერები, რომლებიც მიდრეკილი არიან ფასის სტაბილური კლების პროგნოზირებისაკენ. მოცემული ტალღა არის იმპულსური და თავისი თვისებებით ტალღა 1-ის ანალოგიურია (ოღონდ საპირისპირო მიმართულებით).
  • ტალღა B, ტალღა 4-ის ანალოგიურია (საპირისპირო მიმართულებით) და ასევე ძნელია მისი იდენტიფიცირება რეალური, მიმდინარე დროის მონაკვეთში. მოცემული ტალღა ხასიათდება ფასის ზემოთკენ მოძრაობის ნარჩენი მოვლენით, რომელიც გამოწვეულია ხარების იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ ბაზარზე ზემოქმედებით, რომელთაც საბაზო აქტივზე ფასის შემდგომი ზრდის სჯერათ.
  • ტალღა C არის ფასის მკვეთრი, იმპულსური მოძრაობა ქვემოთკენ, დათვების მზარდი მომძლავრების ფონზე. კლასიკურ შემთხვევებში, ეს ტალღა არის ტალღა 3-ზე გრძელი. ამ ტალღის ბოლოს, ბაზარზე კვლავ ის ხარები ჩნდებიან, რომლებიც მზად არიან გაწიონ რისკი.

თეორიაში ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში ელიოტის ტალღების იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია – ბაზარი ყოველთვის არ მოძრაობს ისე, როგორც ზემოთ აღწერილ სქემაშია მოცემული. ის რაც კარგად ჩანს გრაფიკის ისტორიულ მონაცემებზე, დროის მიმდინარე, რეალურ მონაკვეთში ბუნდოვანია. ჩვენ განვიხილეთ ტალღების მონაცვლეობის მხოლოდ კლასიკური მაგალითი. მაგრამ არსებობს ტალღების არასტანდარტული კონფიგურაციების უამრავი შაბლონი, მოქმედებების თანდართული რეკომენდაციებით. ელიოტის ტალღების ანალიზი, გრაფიკული ანალიზის ფიგურების გამოყენებითაა მიზანშეწონილი (ტრენდის შემობრუნების ფიგურები და ტრენდის გაგრძელების ფიგურები).

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.