On Balance Volume

On Balance Volume, OBV (საბალანსო მოცულობის ინდიკატორი)

სტატიაში განვიხილავთ On Balance Volume, OBV – საბალანსო მოცულობის ინდიკატორს.

პირველად ინდიკატორი აღწერილი იქნა, მისი ავტორის ჯოზეფ გრანვილის (Joseph Granville) მიერ 1963 წელს, წიგნში «New Key to Stock Market Profits». იგი ინდიკატორს გამოიყენებდა სასაქონლო ბაზრებზე, თუმცა თეორიის თანახმად, ოსცილატორი ყველა სახის საფინანსო ბაზრბზე მუშაობს სადაც კი, თითოეული სავაჭრო პერიოდის ჭრილში გარიგებების მოცულობების ცნება არსებობს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფორექსზე სავაჭრო მოცულობების ცნება არ არსებობს, რადგან შეუძლებელია მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული სავალუტო გარიგებების ჭეშმარიტი მოცულობების დადგენა.

მნიშვნელოვანი და საჭირო, სავაჭრო მოცულობებთან დაკავშირებული, არ არსებული ინფორმაციის კომპენსირებისათვის, ფორექსზე შემოღებული იქნა ტიკური მოცულობის ცნება – განსახილველი სავაჭრო პერიოდის განმავლობაში ბროკერისგან მიღებული კოტირებების რაოდენობა. ტიკური მოცულობების ცვლილების ტენდენცია, მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი პერიოდებში ემთხვევა რეალური სავაჭრო მოცულობების ცვლილების ტენდენციას (ჯამური თანხა, რომელზეც განხორციელდა გარიგებები). ამიტომ, ავტორის თეორიის მიხედვით, OBV ინდიკატორის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ დღიურ, კვირის და თვის გრაფიკებზე.

ჯოზეფ გრანვილი ვარაუდობდა, რომ სავაჭრო მოცულობა არის ბაზრის მამოძრავებელი ძალა და ფასების ცვლილება განპირობებულია, საფონდო ბაზრის ფინანსურ ინსტრუმენტზე განხორციელებული სავაჭრო მოცულობის ცვლილებით და თავის მოსაზრებას ხატოვნად გამოხატავდა ფრაზით – “.. მოცულობა არის ორთქლი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს საბაზრო ორთქმავალი…”. მაშასადამე, ავტორის მიერ ინდიკატორი შეიქმნა ბაზარზე მიმდინარე ძირითადი ფასური მოძრაობების პროგნოზირებისათვის, რომელიც ეყრდნობა ფასების რეტროსპექიულ ანალიზსა და სავაჭრო მოცულობებს. OBV ინდიკატორი არის პირველი სტანდარტული ინდიკატორი, რომლის გამოთვლის ფორმულაში გათვალისწინებულია სავაჭრო მოცულობა.

OBV ინდიკატორის ფორმულა არის საკმაოდ მარტივი. თავისი არსით იგი რეკურსიულია (სიტუაცია, როდესაც ობიეტი არის საკუთარი თავის ნაწილი, იგივე – ფუნქცია რომელიც იძახებს საკუთარ თავს) – ყოველი სავაჭრო პერიოდისთვის, ინდიკატორის მაჩვენებელი დამოკიდებულია განვლილ პერიოდში საკუთარ მაჩვენებელზე, მიმდინარე მოცულობებზე და ფინანსური ინსტრუმენტის ფასთა ცვლილებებზე. თუ, მიმდინარე სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასი განვლილი პერიოდის დახურვის ფასზე მეტია, მაშინ OBV ინდიკატორის მიმდინარე მაჩვენებელი გამოითვლება წარსულის მაჩვენებლიდან, რომელსაც დაემატება სავაჭრო მოცულობა.

თუ მიმდინარე სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასი უფრო დაბლაა, ვიდრე განვლილი პერიოდის დახურვის ფასი, მაშინ პირიქით სავაჭრო მოცულობა აკლდება. ინდიკატორის გრაფიკს არ აქვს მნიშვნელოვანი დონეები – ანალიზის დროს ყურადღება ექცევა არა მის აბსოლუტურ მნიშვნელობას, არამედ თვით ინდიკატორის ხაზის ქცევას. ამასთან ერთად, ინდიკატორის გრაფიკზე უნდა ვეძიოთ ფასის და ინდიკატორის ქცევის განსხვავება (დივერგენცია), ან დამადასტურებელი სიგნალები (იდიკატორის მიერ მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების გარღვევა).

On Balance Volume გამოთვლის ფორმულა
  • თუ C(i) > C(i – 1), მაშინ OBV(i) = OBV(i – 1) + V(i);
  • თუ C(i) < C(i – 1), მაშინ OBV(i) = OBV(i – 1) – V(i);
  • თუ C(i) = C(i – 1), მაშინ OBV(i) = OBV(i – 1);

სადაც, C(i) – მიმდინარე სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასია, C(i – 1) – განვლილი სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასია, OBV(i) – მიმდინარე პერიოდის ინდიკატორის მაჩვენებელია, OBV(i – 1) – განვლილი პერიოდის ინდიკატორის მაჩენებელია V(i) – მიმდინარე პერიოდის სავაჭრო მოცულობაა. ნულოვანი ბარისთვის ინდიკატორის მაჩვენებელი ნულის ტოლია და გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება, ანუ OBV(0) = 0. შემდეგ ინდიკატორი გამოითვლება მზარდი შედეგით, სავაჭრო მოცულობების მიმატების ან გამოკლების გზით, რომელიც დამოკიდებული იქნება მეზობელი სავაჭრო პერიოდების დახურვის ფასების მდებარეობაზე.

ინდიკატორის მუშაობის პრინციპის უკეთ გაგებისათვის ავტორი რამდენიმე თეორიას გვთავაზობს. საქმე იმაშია, რომ სავაჭრო მოცულობის მკვეთრი ცვლილება (მკვეთრი ზრდა ან კლება) საწყის ეტაპზე არ იწვევს ფასის მკვეთრ ცვლილებას, მაგრამ ყოველთვის იმის მომასწავებელია, რომ მომავალში იქნება ასეთი ცვლილებები. ამის მიზეზი შემდეგში მდგომარეობს. საწყის ეტაპზე, ბაზრის მსხვილი მოთამაშეები (ბანკები, საინვესტიციო ფონდები და ა.შ) დიდი რაოდენობის ფულს აბანდებენ ფინანსურ აქტივში, მაშინ, როცა წვრილი მოთამაშეების უმრავლესობა ჯერ კიდევ ჰყიდის ამ აქტივებს. ამასთან ერთად, მოცულობა მკვეთრად იზრდება, ხოლო ფასი იკლებს, ან უმნიშვნელოდ იზრდება. ამის შემდეგ წვრილი ინვესტორები, მსხვილი ფინანსური მოთამაშეების ქცევას იმეორებენ და ისინიც ყიდულობენ აქტივებს – ამის შემდეგ ფასი იწყებს ზრდას. როგორც ვხედავთ, ის ფაქტი, რომ მოცულობის ზრდა წინ უსწრებს ფასების ზრდას, სავსებით ლოგიკურია.

გავაგრძელოთ სიტუაციის განხილვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსხვილი ფინანსური მოთამაშეები ხურავენ გრძელ პოზიციებს გაყიდვით, მაშინ როცა შედარებით წვრილი მოთამაშეები ჯერ კიდევ აქტიურად ყიდულობენ აქტივს. ამიტომაც, მოცულობების ზრდა ფასების შემობრუნების მომასწავებელია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ საფინანსო ბაზრების პროფესიონალები, საშუალო დონის ინვესტორებისაგან აქტივებს ყიდულობენ ფასების მინიმუმზე, რითიც იწვევენ აქტივზე ფასების ზრდას – მომავალში, ხოლო შემდეგ აქტივებს მაქსიმალურ ფასად ჰყიდიან. მოკლე პოზიციებთან დაკავშირებით ვითარდება იგივე პროცესები. სწორედ ამიტომ, OBV ინდიკატორი, ხშირ შმთხვევაში პროგნოზირებს ფასების მნიშვნელოვან რხევებს პერსპექტივაში.

On Balance Volume მუშაობის მაგალითი

On Balance Volume, OBV (საბალანსო მოცულობის ინდიკატორი)

OBV გრაფიკის ზრდა არის იმის მაუწყებელი, რომ ფასების ზრდის პერიოდი მიმდინარეობს მზარდი მოცულობების ფონზე. თუ, ინდიკატორის გრაფიკის ზრდასთან ერთად ფინანსური აქტივის ფასიც მკვეთრად იზრდება, მაშასადამე OBV გვიდასტურებს აღმავალ ტრენდს – ამ შემთხვევაში ტრენდი წარმოქმნილა საბაზო აქტივზე მოთხოვნილების ზრდის გამო.

თუ ფასი ზევით მიიწევს, ხოლო ინდიკატორი OBV გვიჩვენებს კლებად ტენდენციას, მაშასადამე ბაზარზე ფიქსირდება დივერგენცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასი ჯერ კიდევ ზემოთკენ მიიწევს ინერციის გამო, მაგრამ დათვების ძალა ბაზარზე უკვე ჩანასახშია. დივერგენცია, უმრავლეს შემთხვევებში, მომავალში ტრენდის შემობრუნების სიგნალიზატორია. ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია OBV ინდიკატორის დივერგენცია, რომელიც საბაზრო განწყობის ცვლილების კარგ მაჩვენებელს წარმოადგენს.

On Balance Volume დივერგენცია

On Balance Volume, OBV (საბალანსო მოცულობის ინდიკატორი)

საბალანსო მოცულობის ინდიკატორი, როგორც ასეთი, იშვიათად გამოიყენება სავაჭრო სიგნალების მისაღებად – როგორც წესი, ამ ინდიკატორის სიგნალების დადასტურებას ეძებენ ფორექსის ტექნიკური ანალიზის სხვა პოპულარული ინსტრუმენტების (სატრენდო ინდიკატორების, ან ოსცილატორების) მეშვეობით.

OBV ინდიკატორის რიცხვით მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს – ყურადსაღებია, მხოლოდ მისი მოძრაობის მიმართულება. იდიკატორის ძირითად სიგნალად ითვლება, ჩვენს მიერ უკვე განხილული მოვლენა, რომელსაც დივერგენცია ეწოდება – ანუ ფასთა გრაფიკისა და ინდიკატორის გრაფიკის ქცევათა განსხვავება. ტრენდის გაგრძელების ერთ-ერთი სიგნალიზატორია, ამ ტრენდის დადასტურება სავაჭრო მოცულობების მიერ. თუ მოცულობები არ ადასტურებენ ფასურ ტენდენციას, მაშინ მომავალში ტრენდის შემობრუნების, სულ მცირე საპირისპირო მიმართულების კორექციის, ალბათობა მაღალია.

On Balance Volume გამოყენების წესი
  • თუ, ფასთა გრაფიკის ყოველი ლოკალური მაქსიმუმი დადასტურებულია ინდიკატორის გრაფიკის ლოკალური მაქსიმუმით – მაშასადამე ეს მოვლენა მიუთითებს აღმავალი ტრენდის ძლიერ ძალაზე;
  • თუ, ფასთა გრაფიკის ყოველი ლოკალური მინიმუმი დადასტურებულია ინდიკატორის გრაფიკის ლოკალური მინიმუმით – მაშასადამე ეს მოვლენა მიუთითებს დაღმავალი ტრენდის ძლიერ ძალაზე;
  • ხარის და დათვის განსხვავება (დივერგენცია) მიუთითებს – შესაბამისად აღმავალი და დაღმავალი ტრენდის შესუსტებაზე;
  • OBV ინდიკატორის გრაფიკზე ხშირად ხაზავენ სატრენდო ხაზებს – მათი გარღვევა ხშირად მიუთითებს, მომავალში, ფასთა გრაფიკზეც სატრენდო ხაზის გარღვევაზე და შესაბამისად დომინირებული ტენდენციის ცვლილებაზე. ვინაიდან OBV ოსცილატორი ზოგჯერ მცდარ სიგნალებს იძლევა, ამიტომ სავაჭრო სიგნალის დადასტურებისათვის, რამდენიმე სავაჭრო პერიოდის განმავლობაში იცდიან, რათა გამყარებული სიგნალის მიხედვით გაიხსნას სავაჭრო პოზიცია;
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ჯოზეფ გრანვილმა ინდიკატორი შექმნა საფონდო ბაზრებზე აქტივების ფასების ანალიზისათვის. ყოველ საფონდო ბირჟას აქვს მუშაობის დაწყების და დასრულების საათები, დღიური კონტრაქტების მოცულობები ფიქსირდება და ეს ინფორმაცია ბაზრის ყველა მონაწილისთვის ცნობილია. ფორექსის ბაზარზე მოცულობის ცნება არ არსებობს – სავაჭრო პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოს ყველა ბანკის და საფინანსო ორგანიზაციის ყველა კონვერსიული გარიგების საერთო ჯამის დათვლა შეუძლებელია.

ამიტომ ფორექსის ბაზარზე გამოიყენება ტიკური მოცულობის ცნება, რომელიც გამოხატავს სავაჭრო პერიოდის განმავლობაში ბროკერისგან მიღებულ კოტირებების რაოდენობას. როგორც წესი, მოწოდებული კოტირებების სიხშირე დაკავშირებულია ბაზარზე განხორციელებული ფინანსური გარიგებების რაოდენობასა და თანხასთან. მაგრამ, რეალური და ტიკური მოცულობების კორელაცია (თანხვედრა) ვლინდება მხოლოდ დიდმასშტაბიან ტაიმფრეიმებზე – დღიური და ზემოთ. OBV ინდიკატორის გამოყენება ერთ საათიანი და ქვემოთ ტაიმფრეიმებისათვის არ არის რეკომენდებული.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.