გრაფიკების სახეობები

გრაფიკების სახეობები

გრაფიკების სახეობები – ეს ის თემაა, რომელსაც პირველ რიგში უნდა გავეცნოთ ტექნიკური ანალიზის შესწავლის პროცესში, ვინაიდან მათზე გამოსახულია გამოსახულია საფინანსო აქტივების, იგივე სავალუტო კურსების მოძრაობა. მაგრამ, სანამ გადავიდოდეთ გრაფიკების შესწავლაზე, პირველ რიგში ჩამოვაყალიბოთ რამდენიმე ძირითადი ცნება. როგორც ვიცით, ფორექსის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის პროცესში, მარკეტმეიკერები სავალუტო წყვილებს ერთმანეთთან აკოტირებენ.

სავალუტო წყვილისთვის ყიდვისა და გაყიდვის კურსის ყოველ ცვლილებას მარკეტმეიკერები უწოდებენ ტიკს (tick). სავაჭრო აქტიურობიდან გამომდინარე, ყოველ ერთნაირი ზომის დროის მონაკვეთს შესაძლებელია შეესაბამებოდეს ტიკების სხვადასხვა რაოდენობა. თუ ბაზარი ვოლატილურია, (სწრაფად ცვალებადი, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობა), მაშინ მარკეტმეიკერს შეუძლია სავალუტო წყვილი აკოტიროს წუთში რამოდენიმეჯერ. თუ ბაზარი მშვიდია, მაშინ მარკეტმეიკერს შეუძლია სავალუტო წყვილი აკოტიროს რამდენიმე საათში ერთხელ. ასე, რომ ტიკების სიმჭიდროვე დროის შკალაზე შესაძლებელია იყოს სხვადასხვა და ყოველ ტიკს შეესაბამება მარკეტმეიკერის ორი ფასი – ყიდვის ფასი (bid) და გაყიდვის ფასი (ask).

როგორც წესი, ტექნიკური ანალიზისას თითოეული ტიკი ცალ-ცალკე არ განიხილება, არამედ განიხილება სავაჭრო პერიოდი (დროის დიაპაზონი). საყოველთაოდ აღიარებულ დიაპაზონებად ითვლება: 1 წუთი, 5 წუთი, 15 წუთი, 60 წუთი, 1 დღე, 1 კვირა და 1 თვე. ყოველ მათგანში შესაძლებელია იყოს რამდენიმე ტიკი (მარკეტმეიკერის კოტირება). შესაბამისად, სავაჭრო პერიოდის მონაკვეთში ყიდვისა და გაყიდვის ფასები იცვლება.

ასე, რომ ყოველ დროის დიაპაზონში არსებობს:
  • გახსნის ფასი (open) – დროის დიაპაზონის დასაწყისში არსებული საშუალო ფასი (დროის მონაკვეთში პირველი ტიკის გაყიდვისა და ყიდვის ფასის სშუალო მაჩვენებელი);
  • მინიმალური ფასი (low) – ყიდვის მინიმალური ფასი (bid), რომელიც ფიქსირებულია მარკეტმეიკერის კოტირებაში დროის მოცემული მონაკვეთისათვის;
  • მაქსიმალური ფასი (high) – გაყიდვის მაქსიმალური ფასი (ask), რომელიც ფიქსირებულია მარკეტმეიკერის კოტირებაში დროის მოცემული მონაკვეთისათვის;
  • დახურვის ფასი (close) – დროის დიაპაზონის დასასრულს არსებული საშუალო ფასი (დროის მონაკვეთში ბოლო ტიკის გაყიდვისა და ყიდვის ფასის სშუალო მაჩვენებელი).

დროის დიაპაზონებში ოთხივე ფასს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკური ანალიზში. მათი შესწავლა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ბაზრის ხასიათის პრიორიტეტები მოცემულ ვალუტასთან მიმართებაში. დროის დიაპაზონების რიცხვითი შესწავლა არ არის მოსახერხებელი და პრაქტიკულად არც კი გამოიყენება ტრეიდერების მიერ, მით უმეტეს, რომ პროგნოზირება არის არაზუსტი მეცნიერება. ამიტომ, ინფორმაციის უკეთ აღქმისათვის აიგება დროის გრაფიკები, რომლებზეც სხვადასხვა სახით არის გამოსახული ზემოთ აღნიშნული ფასური შემადგენლები.

ტექნიკურ ანალიზში გამოყოფენ გრაფიკების ხუთ ძირითად ტიპს:
  • ტიკების გრაფიკი (tick chart);
  • ხაზური გრაფიკი (line chart);
  • ბარების გრაფიკი (bar chart);
  • იაპონური სანთლების გრაფიკი (Japanese candlesticks);
  • ჯვრები-ნულების გრაფიკი (point and figure chart).

ასეთი გრაფიკების x ღერძი (აბსციცა) არის სხვადასხვა მასშტაბის დროის ღერძი (სავაჭრო პერიოდის მიხედვით). y ღერძი (ორდინატა) არის დროის მოცემულ მომენტში კოტირების მაჩვენებელი (კოტირების ძირითადი ვალუტის ფასი, გამოსახული კოტირებული ვალუტით.)

ყველაზე დაბალი მასშტაბი აქვს ტიკურ გრაფიკს (tick chart). ასეთ გრაფიკზე, მარკეტმეიკერის მიერ სავალუტო წყვილის კოტირების ყოველი ცვლილებისას ვერტიკალური ხაზებით გამოისახება ტიკები. აბსცისას ღერძზე დროის მასშტაბი ძალზე მცირეა და როგორც წესი შეადგენს რამდენიმე ათეულ წამს. ტიკის ქვედა საზღვარი არის მარკეტმეიკერის კოტირების ყიდვის ფასი (bid), ხოლო ზედა საზღვარი წარმოადგენს მარკეტმეიკერის კოტირების გაყიდვის ფასს (ask). ტიკური გრაფიკები იშვიათად გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს, ვინაიდან ტიკების აღქმა გართულებულია ინფორმაციის გამოსახვის მცირე მასშტაბის გამო.

ხაზური გრაფიკზე (line chart) დროის მასშტაბი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი, თუმცა, როგორც წესი, ტექნიკური ანალიზისას გამოიყენება მხოლოდ ზემოთაღნიშნული დროის დიაპაზონები. ასეთ გრაფიკებზე წერტილებით გამოისახება მხოლოდ დახურვის ფასები, რომლებიც ერთმანეთთან ერთდება ხაზით. შედეგად გრაფიკზე გამოისახება უწყვეტი ხაზი. მაგალითი მოყვანილია ქვემოთ:

ხაზური გრაფიკი

ხაზური გრაფიკის სხვადასხვა ნაირსახიობები არსებობს, რომლებზეც იგი აიგება არა დახურვის ფასების წერტილების მიხედვით, არამედ გახსნის ფასების მიხედვით, ან ფასების მაქსიმალური, ან მინიმალური მაჩვენებლების მიხედვით, აგრეთვე ამ მაჩვენებლების გაშუალებული კომბინაციების მიხედვითაც კი. ხაზური გრაფიკი ვიზუალურად აღსაქმელად ადვილია, ამიტომ მასზე ტექნიკური ანალიზის ფიგურების, პატერნების (პატერნების შესახებ საუბარი გვექნება სხვა სტატიებში) დანახვა მოსახერხებელია.

მაგრამ, ამგვარი გრაფიკების ანალიზისას შეუძლებელია მივიღოთ ინფორმაცია, გარკვეული დროის მონაკვეთში ფასის რხევასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია კი ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსების ცვლილების პროგნოზირებისათვის. ასევე, ამ გრაფიკებზე არ ჩანს, ჰქონდა თუ არა ადგილი ფასურ წყვეტას (გეპი, gaps) – მიმდინარე ფასის გახსნისა და წინა ფასის დახურვის შორის. ასეთი ინფორმაცია კი მნიშვნელოვანია ფორექსის ბაზრის ვოლატილობის განსაზღვრისათვის.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხაზურ გრაფიკზე, დროის დიაპაზონი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი წერტილით, რაც თავის მხრივ არ ასახავს ვალუტის კურსის ცვლილების სრულ სურათს. ამიტომ, ტექნიკური ანალიზისას, ხაზური გრაფიკები გამოიყენება უფრო იშვიათად, ვიდრე ქვემოთ განხილული სხვა გრაფიკები.

გრაფიკის კიდევ ერთ სახეობას წარმოადგენს ბარების გრაფიკი (bar chart). ბარი – იგულისხმება ფიგურა, რომელიც წარმოდგენილია ერთი ვერტიკალური ხაზით და ორი ჰორიზონტალური, ე.წ. ფესვით, რომელიც განლაგებულია ვერტიკალური ხაზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.

ბარის აგებულება

ყოველი ბარი, გრაფიკის აბსცისის ღერძის მასშტაბიდან გამომდინარე, შეესაბამება გარკვეულ სავაჭრო პერიოდს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბარი ერთდროულად ასახავს სავაჭრო პერიოდის ოთხივე ფასს. გახსნის ფასი (open) წარმოდგენილია მარცხენა ფესვის მაჩვენებლით. დახურვის ფასი (close) წარმოდგენილია მარჯვენა ფესვით. ბარის ქვედა დონე არის ფასის მინიმუმი (low), ხოლო ზედა დონე (high) – ფასის მაქსიმუმი განსახილველ სავაჭრო პერიოდში. თუ მარცენა ფესვი უფრო დაბლა მდებარეობს, ვიდრე მარჯვენა ფესვი, მაშინ მოცემულ სავაჭრო პერიოდში ფასი გაიზარდა, თუ მარცხენა ფესვი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე მარჯვენა ფესვი, მაშინ ფასი დაეცა. ბარების გრაფიკის მაგალითი წარმოდგენილია ქვემოთ სურათზე.

ბარების გრაფიკი

ინგლისურად, ბარების გრაფიკს, სხვაგვარად – OHLC bar ეძახიან. ასეთი სახელწოდება არის აბრევიატურა, რომელიც წარმოიქმნა ინგლისური სიტყვების Open, High, Low, Close, პირველი ასოებიდან და გულისხმობს სავაჭრო პერიოდის ოთხივე ფასურ შემადგენელს. ლიტერატურაში აგრეთვე გვხდება სახელწოდება HLC bar – ეს არის ბარები, რომლებზეც გახსნის ფასი (მარცხენა ფესვი) არ არის გამოსახული, და იგულისხმება, რომ იგი ემთხვევა წინა ბარის დახურვის ფასს. ანუ იგულისხმება, რომ ბარების გრაფიკზე ადგილი არ აქვს ფასურ წყვეტებს და გახსნის ფასები არის გაჯერებული.

ბარების გრაფიკზე ჩანს სავალუტო კურსების რხევის მახასიათებლები, თითოეული სავაჭრო პერიოდისთვის. მაგრამ ასეთ გრაფიკებზე მოუხერხებელია ვალუტის ცვლილების ტენდენციების განსაზღვრა, რადგან სავაჭრო პერიოდებში გახსნის და დახურვის ფასები გამოსახულია ფესვებით, რისი აღქმა ვიზუალურად საკმაოდ რთულია.

გრაფიკის კიდევ ერთ სახეობას წარმოადგენს იაპონური სანთლები (Japanese candlesticks). როგორც სახელწოდებიდან ჩანს სანთლები გამოგონილია იაპონიაში და თავდაპირველად გამოიყენებოდა ბრინჯზე ფასების ცვლილებების ანალიზისთვის. შემდგომში ეს იდეა, რომელიც საფუძვლად ედო ასეთი სახის გრაფიკებს, გამოყენებული იქნა ფინანსური ბაზრების ანალიზისთვის მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ფორექსის სავალუტო ბაზარზეც.

სანთელი წარმოადგენს ფიგურას, რომელიც შედგება სხეულისგან (real body), ქვედა ჩრდილისგან (lower shadow, shitakage) და ზედა ჩრდილისგან (upper shadow, uwakage). ისევე, როგორც წარმოდგენილია სურათზე.

სანთლის აგებულება

ყოველი სანთელი შეესაბამება თავის სავაჭრო პერიოდს, რომელიც დამოკიდებულია არჩეულ დროის მასშტაბზე – აბსცისის ღერძის მიხედვით. არსებობს ორი ტიპის სანთლები. მიღებული შეთანხმებების მიხედვით მათ უწოდებენ “ცარიელს და შეღებილს”, “მწვანეს და წითელს” ან ამგვარ სხვა სახელწოდებებს. ცარიელი (მწვანე) სანთელი, “იო-სენ”, გამოხატავს სავაჭრო პერიოდს, რომლის დროსაც დახურვის ფასი უფრო მეტია, ვიდრე გახსნის ფასი, ანუ იმ პერიოდს, რომლის დროსაც ფასმა აიწია.

შეღებილი (წითელი) სანთელი, “ინ-სენ” გამოხატავს იმ სავაჭრო პერიოდს, როდესაც დახურვის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე გახსნის ფასი, ანუ პერიოდს, რომლის დროსაც ფასი დაეცა. სწავლების ამ კურსის შემდგომ სტატიებში აღნიშნულ საკითხს განვიხილავ წითელი და მწვანე სანთლების კონცეფციის თვალსაზრისით.

მწვანე სანთლის გახსნის ფასი (open) არის მისი ტანის ქვედა ზღვარი. წითელი სანთლის გახსნის ფასი კი პირიქით – არის მისი ტანის ზედა ზღვარი. მწვანე სანთლის დახურვის ფასი (close) არის მისი ტანის ზედა ზღვარი. წითელი სანთლის დახურვის ფასი (close), კი პირიქით – არის მისი ტანის ქვედა ზღვარი. სავაჭრო პერიოდის მინიმალური ფასი (low) არის სანთლის ჩრდილის ქვედა ზღვარი. სავაჭრო პერიოდის მაქსიმალური ფასი (high) არის სანთლის ჩრდილის ზედა ზღვარი. მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.

იაპონური სანთლების გრაფიკი

გამოსახულებითი უჩვეულობის მიუხედავად, იაპონური სანთლები ფართოდაა გავრცელებული ფინანსური ბაზრების ტექნიკურ ანალიზში. სავაჭრო პერიოდების ჭრილში, სავალუტო კურსების ცვლილებების ინფორმაციის ვიზუალური აღქმისათვის, იაპონური სანთლები ძალიან კომფორტული ინსტრუმენტია და ფართოდ გამოიყენება ტრეიდერების მიერ. სანთლების ტანის და მისი ჩრდილების ზომებიდან გამომდინარე, ხდება იაპონური სანთლების კლასიფიკაცია ფიგურების (პატერნების) მიხედვით. არსებობს ფიგურები, რომლებიც წარმოადგენენ, ჩამოყალიბებული ტრენდის დამადასტურებელ ინდიკატორებს. არის ფიგურები, რომლებიც წარმოადგენენ ტრენდის შემობრუნების ინდიკატორებს. ეს ფიგურები არიან, ფორექსის სავალუტო ბაზრის ტექნიკური ანალიზის უმნშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილები. ამიტომ მათზე შევჩერდებით სხვა სტატიაში და უფრო ვრცლად განვიხილავთ მათ.

გრაფიკის კიდევ ერთი და ბოლო სახეობა არის ჯვრებისა და ნულების გრაფიკი (point and figure chart). აღნიშნული გრაფიკის სახეობა ნაკლებადაა გავრცელებული ტრეიდერებს შორის, თუმცა მისი სიგნალების ეფექტური გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია ტრენდის გაგრძელების ან შემობრუნების კარგი დამადასტურებელი სიგნალების მიღება.

ამ გრაფიკების განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ დროის ღერძი მასზე არაერთგვაროვანია, ამიტომ უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ არის გამოსახული. ეს განპირობებულია აგების პრინციპების გამო. აბსცისას ღერძი წარმოადგენს სვეტების რიგს. გრაფიკის აგებისას გამოყენებულია არჩეული პერიოდის (მასშტაბის) დახურვის ფასი. გრაფიკისთვის განისაზღვრება ორი კონსტანტა.

პირველი კონსტანტა (ზღვარი) განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ ფასის ცვლილებას. იგი, სავაჭრო პლატფორმის მიმართ გამოყენებული მიდგომიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოხატული იქნას პუნქტების რაოდენობით. თუ ფასი იზრდება და ცვლილება აღემატება პირველი კონსტანტის მაჩვენებელს, მაშინ მიმდინარე სვეტში იხტება ჯვარი. ეს გრძელდება მანამდე, სანამ ფასი არ დაიწყებს ვარდნას. ასეთ შემთხვევაში ყურადღება ექცევა უკვე მეორე კონსტანტას, რომელიც განსაზღვრავს, თუ, პირველი კონსტანტის რამდენი ერთეულით უნდა შეიცვალოს ფასი, რომ ასეთი ცვლილება ჩაითვალოს ტრენდის შემობრუნებად.

ვთქვათ, მეორე კონსტანტის მაჩვენებელი უდრის 3-ს. ე.ი. ჩვენ გადავალთ შემდეგ სვეტზე და დავხატავთ მასში ნულს შესაბამის დონეზე, მხოლოდ მაშინ თუ ფასი დაეცემა პირველი კონსტანტის მაჩვენებელზე სამმაგჯერ ნაკლები რაოდენობით. სვეტის შეცვლის შემდეგ გრაფიკის აგება ხდება პირიქით, იგივე სიზუსტით. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა არ გავითვალისწინოთ სტატისტიკური ხმაური და არ გავითვალისწინოთ ფასების რყევა.

თუ ფასის ვარდნა არ მიაღწევს პირველ კონსტანტასთან მიმართებაში სამმაგ ზღვარს და შემდგომში ფასი ისევ განაგრძობს აღმასვლას, მაშინ ჩვენ დავუცდით იმ მომენტს, როდესაც იგი მიაღწევს საწყის მაქსიმუმს, გადააჭარბებს მას პირველი კონსტანტის მაჩვენებლის სიდიდეზე და ჩვენ ისევ ჩავხატავთ ჯვარს პირველ სვეტში. აღსანიშნავია, რომ ციფრი 3 შემთხვევით არ ავირჩიეთ, რადგან იგი წარმოადგენს ერთგვარ მაგიურ ციფრს ფინანსური ბაზრების ტექნიკური ანალიზისას და გამოიყენება მრავალ ინსტრუმენტში. მაგალითი მოყვანილია ქვემოთ სურათზე.

ჯვრებისა და ნოლების გრაფიკი

რეზიუმე: ამ სტატიაში განვიხილეთ გრაფიკების ძირითადი სახეობები, რომლებიც გამოიყენება ფორექსზე ტექნიკური ანალიზის დროს. გარდა ამ გრაფიკებისა არსებობს სხვა გრაფიკებიც, რომლებიც ნაკლებად არის გავრცელებული, მაგალითად მოცულობითი იაპონური სანთლები (candlevolume), ეკვიმოცულობითი გრაფიკი (equivolume) და სხვა. გრაფიკების მონაცემების ინტერპრეტაციის ცოდნა არის, ფინანსური ბაზრების წარმატებული ტექნიკური ანალიზის განუყოფელი ნაწილი – შესაბამისად წარმატებული ვაჭრობის საწინდარიც.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.