ღირს თუ არა ტრეიდინგისათვის სამსახურის დატოვება

მიზანშეწონილია თუ არა ტრეიდინგისათვის სამსახურის დატოვება

შანსი იმისა, რომ განვთავისუფლდეთ ტრადიციული სამსახურისგან, უამრავი ადამიანისათვის მიმზიდველი პერსპექტივაა, რომელიც ყოველდღიურად იზიდავს ათასობით ადამიანს ფინანსურ ბაზრებზე.

ამ სფეროში წარმატებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციებით საკმაოდ გადატვირთულია სოციალური ქსელები. მრავალათასიანი ჯგუფები  არსებობს განსაკუთრებით კრიპტოვალუტების თემატიკაში. იქმნება ამ საქმიანობის სიმარტივისა და სწრაფი წარმატების ილუზია – მინიმალური ფინანსური და დროის დანახარჯებით.

სინამდვილეში, წარმატება არის მხოლოდ შრომისმოყვარეობის და მრავალწლიანი გამოცდილების შედეგი. სხვა დანარჩენი აზრი – ან მოტყუებაა და აბსოლუტური არაკომპეტენტურობა.

სანამ გავიზიარებთ მარტივი ფულის ილუზიას და დავტოვებთ  სამსახურს, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შესაძლებლობები, შევაფასოთ პოტენციური რისკები და ვუპასუხოთ კითხვას: არის თუ არა მართალი, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ ტრადიციული სამსახური ხელს უშლის წარმატებულ ტრეიდინგს? როგორც წესი, ამაში არ არის პრობლემა.  სამსახური არაფერ შუაშია. მერწმუნეთ – ეგ მომენტი გამოცდილია!!

არ უნდა გავიხადოთ ტრეიდინგი ერთადერთ საქმიანობად.

(და ამ შემთხვევაში საუბარი არ ეხება შემოსავლის არასტაბილურობას, ან პოტენციურ რისკებს.)

უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ტრეიდინგის იდეა, როგორც დასაქმების ტრადიციული ფორმების – პერსპექტიულ და საინტერესო ალტერნატივა.

უმრავლესობა დამწყებთათვის საწყისი მოტივაცია არის ის, რომ ტრეიდინგი მათთვის უზრუნველყოფს როგორც ათასობით დოლარის მოგებას, ასევე აზარტისა და ადრენალინის მუდმივ ნაკადს. თან საქმე  და თან სიამოვნება – ერთდროულად კომპლექტში. დამეთანხმებით ე.წ. „კაი ტიპობა“ – „wow და რამე…“ ყველას მოგვწონს.

ტრეიდინგის რეალური სურათი შემდეგია:

ტრეიდინგი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, გულისხმობს რუტინის არსებობას. საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობისას ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ეს სფერო აბსოლუტურად ისეთივე ერთფეროვანია, როგორც საქმიანობის სხვა სფეროების უმეტესობა. თავდაპირველი ენთუზიაზმი სწრაფად იძლევა იმედგაცრუებას.

გარდა ამისა, საფინანსო ბაზრებზე მუშაობა ხდება მაღალი წნეხის ქვეშ. ფინანსურ ბაზრებზე მუდმივმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური რესურსების გამოფიტვა.

სწორედ ამიტომ, დაბალანსებული ცხოვრების წესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ტრეიდერისთვის, რომელიც უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ვაჭრობას, არამედ სხვა საქმიანობასაც, გატაცებებს და ჰობის.

მრავალფეროვანი ინტერესები ხელს უწყობს ემოციური სტაბილურობის განვითარებას და ამცირებს სტრესის დონეს, ასევე ამცირებს ემოციურ დამოკიდებულებას სავაჭრო რეზულტატებზე.

თუ არ გვაქვს სხვა საქმიანობა და ჰობი, დღეღამის განმავლობაში ვაჭრობა იქნება ჩვენი ყველაზე ცუდი კოშმარი.

ტრეიდინგი თუ სამსახური

ამ რთული ნაბიჯის გადადგმისათვის საჭიროა გარკვეულ კითხვარზე პასუხის გაცემა.

არის თუ არა ჩემი ტრეიდინგი სისტემატური, სისტემური და ეფექტური.

ტრეიდინგის მთავარ საქმიანობად განხილვას აზრი არ აქვს, თუ მოგება, ანუ შემოსავალი არ არის სტაბილური მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში არცერთი პოზიცია არ უნდა იყოს სტოპ ლოსის გარეშე. სტოპ ლოსის ამოქმედების კი არა, არამედ პოზიციის სტოპ ლოსის დაყენების გარეშე. სწორად დაყენებული სტოპ ლოსი შესაძლებელია არასოდეს არცერთ პოზიციაზე არ ამუშავდეს, მაგრამ პოზიციას აუცილებლად უნდა ახლდეს გონივრული და გააზრებული სტოპ ლოსი. წინააღმდეგ შემთხვევაში განწირული ვართ წარუმატებლობისთვის. როდის ჩამოჰკრავს სტოპ აუტის ზარი და როდის „გავასხამთ“ დეპოზიტს – არავინ იცის.

მაქვს თუ არა ჩემი დეპოზიტის გარდა დანაზოგი, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში მქონდეს საარსებო ფული, ე.წ. უსაფრთხოების ბალიში.

ტრეიდინგის მთავარ პროფესიად ქცევის შემდეგ, თვიდან თვემდე აღარ გვექნება ფიქსირებული ხელფასი. საფინანსო ბაზარს ჩვენი არაფერი მართებს და არაფერს მოგვცემს სტაბილური ხელფასის სახით.

გვაქვს თუ არა რაიმე ვალი, სესხი ან/და სხვა ფინანსური ვალდებულებები.

გარანტირებული შემოსავლის არ არსებობას, რომლის ნაწილი შეიძლება გამოყენებული იქნას ვალის დასაფარად, შეუძლია მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს და გააუარესოს სავაჭრო შედეგი.

მაქვს თუ არა დამატებითი შემოსავლის წყარო.

ეს არის რისკების დივერსიფიკაცია. მიმაჩნია, რომ  ნებისმიერ ზრდასრულ, შემდგარ ადამიანს უნდა ჰქონდეს შემოსავლის დივერსიფიცირებული წყარო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დაკავშირებული ტრეიდინგთან ან სხვა სფეროსთან. ეს არის უსაფრთხო არსებობის გასაღები.

ვარ თუ არა საკმარისად დისციპლინირებული

ტრეიდინგში აღარ გვეყოლება უფროსი, რომელიც გაგვიკონტროლებს ყოველდღიურ საქმიანობას და ჩვენს ნაცვლად მიიღებს რთულ გადაწყვეტილებებს და თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას. თანაც ტრეიდინგით შემოსავლის მიღება შეუძლებელია ვაჭრობის სტილით – როცა მინდა ან როგორც მინდა, ანუ როცა მომეპროიანება.

რა ქმედებებს მივმართავ, თუ ჩემს ტრეიდინგს უარყოფითი შედეგი ექნება სამუშაოს დატოვების შემდეგ.

წინასწარ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სამოქმედო გეგმაზე, რადგან თუ ესეთი რამ ნამდვილად მოხდება, ჩვენთვის ბევრად უფრო რთული იქნება ემოციური ზეწოლის ქვეშ ამ მომენტში მოქმედებების ახალი  გეგმის მოფიქრება, ხოლო სტრესში მოფიქრებულს შესაძლოა ბიზნეს და ცხოვრებისეული შეცდომები მოჰყვეს.

რა გავლენას მოახდენს ტრეიდინგისთვის სამსახურიდან წასვლა ჩემს სოციალურ და ოჯახურ ურთიერთობებზე.

ტრეიდინგი ე.წ. მარტოსულთა საქმიანობაა. ტრეიდინგი არ არის კოლექტიური საქმიანობა და კოლექტივის შერწყმული ან არა შერწყმული საქმიანობის შედეგი. ამის გამო, ტრეიდერის სოციალური ურთიერთქმედება მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამიტომ იქნება თუ არა ეს ჩვენთვის კომფორტული – ესეც მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფსიქოლოგიური მომენტია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …