სარჩევი
სავალუტო ინტერვენცია არის ნაციონალური ბანკების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის რეგულირებისათვის. ფორექსზე მუშაობისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სავალუტო ბაზარი წარმოადგენს კარგად აწყობილ სისტემას. ამის შეცნობის გარეშე წარმოუდგენელია ფორექსზე წარმატების მიღწევა.
სავალუტო ბაზარი, როგორც სისტემა მჭიდრო კავშირშია ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი. ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყნის ფისკალურ (საბიუჯეტო) პოლიტიკაზე, მაშინ როდესაც ცენტრალური ბანკი ახორციელებს მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას. ეს ორი ინსტტიტუტი, ერთობლიობაში წარმოადგენს ქვეყნის ფინანსური სისტემის მაფორმირებელ მექანიზმს.
სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ცენტრალური ბანკის როლის შესახებ ვისაუბრეთ სტატიაში საბანკო ინტერესი. ხოლო, წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება ცენტრალურ ბანკზე და სავალუტო ინტერვენციაზე, რომელსაც იგი ახორციელებს სავალუტო კურსის, შესაბამისად მთელი ქვეყნის ეკონომიკის რეგულირების მიზნით. ცალკე აქცენტს გავაკეთებთ, თუ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ტრეიდერმა, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი ზარალი.
სიტუაცია უფრო მარტივად რომ ავხსნათ წარმოვიდგინოთ ბაზარი, სადაც ყველა ვაშლს ჰყიდის. თქვენც გადაწყვიტეთ ვაშლის გაყიდვა და შეუერთდით სხვა გამყიდველების რიცხვს. ვინაიდან ბაზარზე ბევრი გამყიდველია, ამიტომ კონკურენციაც მაღალია, აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშლს სარფიანად გაყიდით, რადგან ასეთ საბაზრო პირობებში მისი ფასი დაბალი იქნება. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საკმარისი თანხა იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული ვაშლების ნახევარი შეისყიდოთ. ამისათვის დაიქირავეთ ხალხი, რომლებმაც ვითომ ჩვეულებრივი მყიდველების როლში დაიწყეს ვაშლის შესყიდვა თქვენივე ფულით. ასეთი კომერციული სვლა გამოიწვევს ვაშლზე მოთხოვნის ხელოვნურ ზრდას, შედეგად ვაშლის ფასი გაიზრდება. აჟიოტაჟის ტალღაზე თქვენ საკუთარი ვაშლის გაყიდვასაც სარფიანად შეძლებთ.
აღწერილი მიდგომა – სარისკო საქმეა, რადგან არ არსებობს ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით დაგვირგვინდება. შესაძლოა ანტიმონოპოლური სამსახურები (საუბარია ნორმალურ ქვეყნებზე) დაინტერესდნენ ვაშლზე ფასის მკვეთრი და მოულოდნელი ზრდით. ან, “კეთილმოსურნეების” მიერ გავრცელებულმა ჭორმა ვაშლში პესტიციდების არსებობის შესახებ, ნეგატიურად იმოქმედოს მოთხოვნაზე. ბოლოს და ბოლოს თქვენი ვაშლი შესაძლებელია დალპეს. როგორც ხედავთ, ზემოთ აღწერილი საქმე ძალიან სარისკოა. მაგრამ, მთავარია გავიგოთ ამ ოპერაციის არსი – მოთხოვნის ზრდა იწვევს ფასის ზრდას საქონელზე და პირიქით მოთხოვნის შემცირება იწვევს – პროდუქციაზე ფასის შემცირებას. მოთხოვნა/მიწოდების თანაფარდობა იგივენაირად მუშაობს ფორექსის ბაზარზეც.
სავალუტო ინტერვენცია – მოქმედების ალგორითმი
ყველა ცენტრალურ ბანკს გააჩნია რეზერვები – უცხოური ვალუტა, ოქრო, ფასიანი ქაღალდები და სხვა. თუ, სახელმწიფოს მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნისთვის სასარგებლოა ნაციონალური ვალუტის მაღალი ფასი, ან მისი ზრდის სტმულირება, მაშინ ცენტრალურ ბანკს შეუძლია განახორციელოს სავალუტო ინტერვენცია და დაიწყოს უცხოური აქტივების გაყიდვა, ნაციონალური ვალუტის ფასად, ანუ ამ გზით იყიდოს ნაციონალური ვალუტა. როგორც წესი, ასეთი ინტერვენციები ხორციელდება ძალიან დიდი მასშტაბებით, რადგან ფორექსის ბაზრის ლიკვიდურობა საკმაოდ მაღალია. თუ სახელმწიფოსთვის ხელსაყრელია ნაციონალური ვალუტის დაბალი კურსი, ან მისი შემცირების/ვარდნის სტიმულირება, მაშინ ცენტრალური ბანკი, ახორციელებს რა სავალუტო ინტერვენციას, ჰყიდის ნაციონალურ ვალუტას უცხოური აქტივების, ან ვალუტის შესყიდვის გზით, რომელიც ასევე განსაკუთრებულად დიდი მასშტაბებით ხორციელდება.
ფორექსის ბაზრის მონაწილეები ნეგატიურად არიან განწყობილნი სავალუტო ინტერვენციების მიმართ, ვინაიდან ამ ვითარებაში, პროფესიუნალი ტრეიდერებიც კი ხშირად განიცდიან დიდ ზარალს. ცენტრალური ბანკების მხრიდან სავალუტო ბაზრის არსებულ ვითარებაში პირდაპირი ჩარევის ფონზე, ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტებს არ შეუძლიათ სავალუტო კურსების პროგნოზირება. ასეთი ჩარევის შესახებ წინასწარ არავინ იცის. ჭორები მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ, როგორც წესი მხოლოდ ჭორებად რჩება, მაგრამ თავის მხრივ მათაც შეუძლია ბაზრის მონაწილეების სავაჭრო განწყობების მოკლევადიანი, ძლიერი რყევების პროვოცირება.
სავალუტო ინტერვენციები შესაძლებელია იყოს პირდაპირი და ირიბი. პირდაპირი ინტერვენციის დროს ცენტრალური ბანკი თავისი სახელით ახორციელებს ოპერაციებს სავალუტო ბაზარზე, რის შესახებაც, დაწყებამდე, ან პოსტფაქტუმ იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები – ზუსტდება ინტერვენციის ფულადი მოცულობა და ოპერაციის განხორციელების თარიღი. ირიბი ინტერვენციის დროს ოპერაციები ხორციელდება ცენტრალური ბანკის დავალებით რამდენიმე კომერციული ბანკის მიერ. ასეთი ინტერვენციები უფრო გავრცელებულია ფორექსზე – იგი, პირდაპირ ინტერვენციებთან შედარებით გაცილებით ეფექტურია თავისი მოულოდნელობის წყალობით.
სავალუტო ინტერვენციები ხორციელდება, როგორც მიმდინარე ტრენდის მიმართულებით – მისი გაძლიერების მიზნით, ასევე ტრენდის საწინააღმდეგოდ, მისი კორექტირების მიზნით. ტრენდის მიმართულებით განხორციელებულ ინტერვენციებს უმრავლეს შემთხვევაში მოაქვს სასურველი შედეგი, ვიდრე ტრენდის საპირისპიროდ განხორციელებულ ინტერვენციებს – ვინაიდან ისეთ მძლავრ ფინანსურ ინსტიტუტებსაც კი, როგორებიცაა ცენტრალური ბანკები, ყოველთვის არ შესწევთ ძალა გადატეხონ ტრენდი, ან სრულყოფილი, საკუთარი ინტერესების შესაბამისი გავლენა იქონიონ სავალუტო კურსზე.
ფორექსის ბაზარზე ყველაზე ხშირად ინტერვენციებს ახორციელებს იაპონიის ბანკი. ისტორიაში დაფიქსირებულია ინგლისი ბანკის ხშირი ინტერვენციებიც. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებულ ინტერვენციულ ღონისძიებებს ყოველთვის არ მოაქვთ სასურველი შედეგი, მაშინ როდესაც სხვა ფინანსური ინსტიტუტები ერთიანი ძალით უპირისპირდებიან ბანკის ასეთ ქმედებას. სავალუტო ბაზრის ისტორიაში დაფიქსირდა ერთი საინტერესო შემთხვევა, როდესაც ინგლისის ბანკმა, საპროცენტო განაკვეთის ცვლილებასთნ ერთად, ინტერვენციების სერიებით გადაწყვიტა ბრიტანული ფუნტის კურსის კორექტირება. მაგრამ ვერ შეძლო მძლავრ ინვესტორებთან დაპირისპირება, რომელთ შორისაც ჩვენთვის კარგად ცნობილი ტრეიდერი – ჯორჯ სოროსიც იყო.
პირიქით ფინანსური “ვეშაპებისა” და ინგლისის ბანკის დაპირისპირებამ გამოიწვია ფუნტის კრახი, რომელიც “შავი ოთხშაბათის” სახელით შევიდა ინგლისის უახლეს ისტორიაში. ეს მოხდა 1992 წლის სექტემბრის თვეში. ეს იყო ფინანსური მაგნატების ერთმნიშვნელოვანი გზავნილი ყველასათვის იმის შესახებ თუ …”ვინ არის სახლში პატრონი”.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი სავალუტო ინტერვენციების ნეგატიური შედეგები, მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალყური მნიშვნელოვან მსოფლიო ეკონომიკურ სიახლეებს, ვაანალიზოთ ფინანსური ანონსები და ანალიტიკური პროგნოზები. ორდერების გახსნის შემდეგ აუცილებელია Stop Loss და Take Profit სწორი პარამეტრების/დონეების დაყენება, რათა მოულოდნელი, არასასურველი მიმართულების სავალუტო ინტერვენციების დროს ბაზრიდან გამოვიდეთ ნაკლები ზარალით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით